weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2022

სააგენტო: წელს რუსეთის 3265 მოქალაქიდან საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 728-ს მიენიჭა

19:27 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

2022 წელს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რუსეთის 3265-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან 728 განცხადება დაკმაყოფილდა. ამ საკითხზე განმარტება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააკეთა.

„სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, – აცხადებს სააგენტო.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა 13 644 პირის მიმართ დადებითი დასკვნები საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელთა საფუძველზე პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13 568 პირს, ხოლო უარი ეთქვა - 76-ს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველო მოქალაქეობა მიენიჭა დამატებით 7 პირს.

13 575 პირს შორის 5111 პირი წარმოადგენდა საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელსაც აღდგენის წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. დანარჩენ შემთხვევაში, უმრავლესობას, 8382 პირს მოქალაქეობა საგამონაკლისო  წესით მიენიჭა. მოქალაქეობის აღდგენის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა მხოლოდ 38 პირს, გამარტივებული წესით - 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით - 15 პირს.

ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8464 პირიდან 72% (6075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი - სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს.

IDFI-ის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადააგზავნა 7360 პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნები.

2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა გაიცა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე. მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვნებელი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისში 136-მა მოქალაქემ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო  უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს.

როგორც IDFI აცხადებს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად ენიჭებათ რუსეთის მოქალაქეებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ  პირი  წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]