weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

უკვე დაბინავებულია 65 000-ზე მეტი რქაწითელი და 50 000 ტონამდე საფერავი - ოთარ შამუგია

12:59 ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივი ფერმერების ვენახები მოინახულა, დაათვალიერა ის ღვინის კომპანიები, სადაც ყურძნის მიღების პროცესი გრძელდება და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთში სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, მოსავალი სრულად იყოს დაბინავებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას რქაწითელის და კახური მწვანის ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, რომ 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25,000 ოჯახი კახეთში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა აღვნიშნო ფასებთან დაკავშირებით, რომ ხარისხიან ყურძენზე არის დიდი მოთხოვნა; რქაწითელის შემთხვევაში, დაფიქსირდა 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე ფასები, ხოლო საფერავის შემთხვევაში, ფასები მერყეობს 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაიბარეს ქარხნებმა.

„გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი; მათ შორის, 65,0000-ზე მეტი რქაწითელი, 50,000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი. ვფიქრობთ, რომ კახეთში 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 000 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს,“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, ქართული ყურძენის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.

„ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს  ღვინის ექსპორტში, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა გვაქვს; პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს,” - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა კახეთში სტუმრობისას, სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა, მოსავალი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.

სოფელ ოჟიოში, ბექა ნახუცრიშვილს საკუთრებაში 26 ჰა ფართობზე ვენახი აქვს და სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს.

ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52 000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. მან, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში,  25 000 ლარის ღირებულების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. მარანი, წლიურად, 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, თუმცა, მომავალში ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე  გეგმავს.

ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო.

როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.

აღსანიშნავია, რომ მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს უკვე გაუწია მომსახურება.

შპს „ბექაურის ვენახები“, რომელსაც მინისტრი ასევე სტუმრობდა, 100 ჰექტარზე მეტ ვენახს ფლობს ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; კომპანიაში, ჯამში, 50 ადამიანია დასაქმებული. „ბექაურის ვენახები“, წელს 60 000-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წლების მსგავსად, წელსაც რთველის შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

ამ დროისთვის რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.

[R] ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]