weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველი სამხედრო მფრინავი ერთი თვეა კონგოშია დატყვევებული

12:54 ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017

41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ერთი თვეა რაც კონგოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა.

საბრძოლო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ბაზირებულმა რადიომ „ოკაპი“ 28 იანვარს გაავრცელა.

რადიო სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ Ми-24 ტიპის ორი საბრძოლო შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მეამბოხეთა ჯგუფის აღმოსაჩენად 27 იანვარს დილით გაფრინდა. ერთ–ერთი ვერსიით, შვეულმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, როდესაც ხეებს წამოედნენ და ავარია განიცადეს. მეორე ვერსიით კი, შვეულმფრენებს ცეცხლი ხმელეთიდან გაუხსნეს და ჩამოაგდეს. კატასტროფა ქალაქ რუტშურის ტერიტორიაზე მოხდა. ეს ადგილი ჩრდილოეთ კივუს მთავარი ქალაქიდან, გომადან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

რადიომ „ოკაპი“ და შემდეგ მასზე დაყრდნობით ბელგიურმა საინფორმაციო სააგენტომ RTL INFO თავდაპირველად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის წევრები რუსები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შვეულმფრენებს ბელარუსები და საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ. იმავე საღამოს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მყოფი სამხრეთ აფრიკული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან დაზარალებული ბელარუსების გაყვანა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ერთ–ერთი გვარად პლუჟნიკოვი საქართველოს მოქალაქეა. სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული კი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავი მეამბოხეებმა დახვრიტეს, რაც არ დადასტურდა.

 

როგორ მოხვდნენ ქართველი სამხედრო მფრინავები კონგოში

სამხედრო მიმომხილველის, ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოში ექვსიოდე ქართული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის კაპიტალურად გარემონტებას არავინ აპირებდა და მათ ეკიპაჟებს ჰაერში აფრენის პერსპექტივა აღარ ექნებოდათ, რამდენიმე ქართველი პილოტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა შეიარაღებული ძალები და მეგობარ მფრინავებთან შორეულ კონგოში ეძებნათ სამსახური.

„ყველაფერი 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, როდესაც „თბილავიამშენმა“ რამდენიმე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიჰყიდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს. გაყიდულ საბრძოლო თვითმფრინავებს თბილისის საავიაციო ქარხნიდან კონგოში ტექნიკური სპეციალისტები და მფრინავ-გამომცდელებიც გაჰყვნენ, რათა ადგილობრივი სამხედროებისთვის ამ მრისხანე მოიერიშის საბრძოლო გამოყენება ესწავლებინათ. იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა ერთგვარი საქმიან-მეგობრული ურთიერთობა ქართველ სპეციალისტებსა და კონგოელ გენერლებს შორის. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც ზოგიერთი სამხედრო მფრინავი აიძულეს, დაეტოვებინა შეიარაღებული ძალები, რასაც დაემატა საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების, როგორც ჯარების ცალკეული სახეობის გაუქმება, მოიერიშე თვითმფრინავების მფრინავებმა, როგორც კერძო პირებმა, კონგოში ნაცნობ გენერლებს ჩააკითხეს. ომგამოვლილი და გამოცდილი ქართველი მფრინავები კონგოში დიდი პატივით მიიღეს და მეტ-ნაკლებად ღირსეული ჯამაგირიც დაუნიშნეს, ბევრად მეტი, ვიდრე ქართულ არმიაში ჰქონდათ. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ კონგოელ მფრინავებს, ხოლო რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფდა“, – წერს ირაკლი ალადაშვილი.

„თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. ის საოცრად მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია ე.წ. „ასი“. ვისაც უნახავს მის მიერ ჩატარებული მანევრები Ми-24 საბრძოლო ვერტმფრენზე ამაში დამეთანხმება. მე მქონდა ბედნიერება მცოდნოდა ეს ღირსეული ადამიანი, რადიოლოკაციური დაზვერვის ბატარეიდან ხშირად ვაკვირდებოდი მის ფრენებს, ხოლო ამ ფრენების ვიზუალური ხილვა, რომელსაც ის ასრულებდა როგორც ესკადრელიის მეთაური, იყო ხელოვნება. არ მიკვირს რომ ასეთმა პროფესიონალმა „ასმა“ 3500 მეტრის სიმაღლიდან სრულ ფორსმაჟორში მოახერხა დაზიანებული ვერტმფრენის დასმა“, – წერს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში.

 

ოსორაულის ოჯახის დუმილი და საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები კონგოში მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ოჯახის წევრებთან – ერთ–ერთ ძმასთან, ტყვეობაში მყოფ სოსო ოსორაულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც ძმებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამბოხებულები სამხედრო მფრინავის გათავისუფლების ორ პირობას განიხილავენ, თანხის გადახდას 1 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით და ტყვეთა გაცვლას – მეამბოხეები ითხოვენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ დაკავებული ერთ–ერთი გენერლის გაშვებას ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულის დატყვევების ფაქტს თითქმის ერთი თვის მერე გამოეხმაურა.

„პრეტორიაში (ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. გაუტენგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.

კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით, ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში.

სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

კონგოსა და კონფლიქტის შესახებ

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაშია. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანს, აღმოსავლეთით უგანდას, რუანდას, ბურუნდისა და ტანზანიას, სამხრეთით - ზამბიასა და ანგოლას, დასავლეთით - კონგოს რესპუბლიკას. 1960 წლამდე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბელგიის კოლონია იყო. 2014 წელს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი ქვეყანაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად.

1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ რესპუბლიკას კონგო-კინშასას ნაცვლად ზაირის რესპუბლიკა ეწოდა, თუმცა 1997 წელს ძველი სახელი დაუბრუნდა. 1998 წელს ქვეყანაში ომი დაიწყო, რაც კონგოს მეორე ომად არის ცნობილი. ეს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 2002 წლის 20 ივლისს პრეტორიაში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილასა და რუანდის პრეზიდენტ, წარმოშობით ტუტსის პოლ კაგამეს შორის რუანდის არმიის 20-ათასიანი კონტინგენტის გაყვანის, კონგოს ტერიტორიაზე ტუტსის ხალხის ორგანიზაციის ოფიციალური აღიარების, ჰუტუს ხალხის შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების თაობაზე. სხვადასხვა მონაცემებით, ომის მიმდინარეობისას დაიღუპა 4-დან 5,4 მილიონამდე ადამიანი, პირველ რიგში ეპიდემიისა და შიმშილისგან.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ტერიტორიის ფართობის მიხედვით აფრიკის კონტინენტზე ალჟირის შემდეგ სიდიდით მეორე ქვეყანაა და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ - მეოთხე, ნიგერიის, ეთიოპიისა და ეგვიპტის შემდეგ. ამჟამად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 85 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ქვეყანაში ცხოვრობს 250-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან უმრავლესობა ბანტუს ხალხის წარმომადგენელია. ქვეყანაში ასევე ცხოვრობს 60 000 თეთრკანიანი, რომელთაგან უმრავლესობა ბელგიური წარმოშობისაა.ისინი იქ დარჩნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ფრანგული ენა ოფიციალური ენაა. ქვეყანაში ლაპარაკობენ დაახლოებით 242 ენაზე, მაგრამ მხოლოდ ოთხს აქვს ეროვნული ენების სტატუსი. ქრისტიანობა ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული რელიგიაა. სხვადასხვა მონაცემებით, მისი მორწმუნეები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში სამრეწველო ალმასისა და კობალტის წარმოების მიხედვით და სპილენძის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.

2004–2009 წლებში კივუში გრძელდებოდა სისხლიანი კონფლიქტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ტუტსის აჯანყებულებს შორის. 2012–2013 წლებში კონგოში დაიწყო ახალი ომი, რომლის დროსაც კაბილას სამთავრობო ჯარებს, რომლებსაც ეხმარებოდა გაეროს სამშვიდობო ძალები დაუპირისპირდნენ „23 მარტის მოძრაობის“ აჯანყებულები, რომლებსაც ეხმარებოდნენ რუანდა და უგანდა. ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება და ბრძოლები ძირითადად ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მიმდინარეობს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]