weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

დაპირისპირება კუმურდოში – ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს

13:57 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია. ეთნიკურ სომხებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდა ოთხი პოლიციელი და დაზიანდა შს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს.

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის, Jnews-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი მივიდა და ხელჯოხების გამოყენებით, ეკლესიის ეზოში შეკრებილი მოსახლეობის დაშლა და გაძევება სცადეს.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სპეცრაზმს და პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა და სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, არაერთხელ გაისმა ჰაერში გასროლის ხმაც.

შემთხვევის შედეგად დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის, სოფელ კუმურდოში სიტუაცია განმუხტულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოფელ კუმურდოში X საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის ეზოში, წინაპართა ძვლების სამარხზე ადგილობრივებს, ეთნიკურ სომხებს ქვაჯვარის დადგმა სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაპირისპირება ამას მოჰყვა.

კუმურდოს ეკლესიის რეაბილიტაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ეკლესიის ეზოში ადამიანების ძვლები იპოვეს, რომლებიც მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნით ხელახლა დამარხეს.

Jnews-ის ცნობით, ახალქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი კუმურდოს თემში, აშოტ საარიანი, ადგილობრივებს დაშლისკენ მოუწოდებდა და სთხოვდა, ქვაჯვარი 4 ოქტომბერს აღემართათ, როდესაც, მისი თქმით, ეს უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა შეკრებილები გარანტიებს ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მანამდე არ დაიშლებოდნენ, ვიდრე არ დარწმუნდებოდნენ, რომ საკუთარი წინაპრების საფლავზე ქვაჯვარის დადგმას მოახერხებდნენ.

კუმურდოში იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძეც. მისი განცხადებით, ქვაჯვარის დადგმა ეკლესიის ეზოში მიმდინარე სამუშაოებს ხელს შეუშლის. მისივე თქმით, მოსახლეობასთან არსებობდა შეთანხმება წინაპართა ძვლების სხვა ადგილზე გადასვენების თაობაზე.

„უნდოდათ იმ კონკრეტულ ადგილზე გარკვეული ქვის ნიშის დადგმა, რომელიც არქეოლოგიურ და შემდგომში სარესტავრაციო პროცესს ხელს შეუშლის. ჩვენ ვთქვით, რომ გავაკეთოთ ამის მემორიალი გარეთ, შესაბამისი ადგილი შევარჩიოთ არა შორს, არამედ ტაძრის გალავანთან ახლოს. ამიტომ დაძაბულობას, რაც მოხდა შეიძლება გარკვეული ადამიანები ხელს უწყობდნენ იმისთვის, რომ ასეთი ესკალაცია მომხდარიყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.

კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სწავლობს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]