weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

16:07 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 873 ლარი გამოიყო.

გიორგი ანწუხელიძის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისთვის ახმეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის 14:30 საათამდე იწარმოებს. 

ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო სამუშაოები 2 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.   

გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობა თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს მისი დედის, ლილი ანწუხელიძის მოთხოვნით დაიწყო. სახლი, სადაც გიორგი ანწუხელიძის დედა და მამიდა ცხოვრობდნენ, სტიქიამ დააზიანა და სახურავიდან წყალი ჩადიოდა. ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა შეწყდა. ამ დროისთვის ერთსართულიანი სახლის კედლებია აშენებული და გადასახურია.

გიორგი ანწუხელიძე რუსეთ – საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. 23 წლის გიორგი 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებენ, ისინი რიგრიგობით, გიორგის ზურგზე ახტებიან და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა სერჟანტთა მომზადების სკოლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]