weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

შსს-ს მაღალჩინოსნის ძმამ სახელმწიფო მიწა 106 000 ლარით შემცირებულ ფასად იყიდა

15:28 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

ქალაქ რუსთავში მდებარე არასასოფლო მიწა აუქციონზე 250 000 ლარად შეიძინა ზვიად ბალახაშვილმა, რომელიც შს სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილის ძმაა. თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონის შედეგები გაუქმდა და ახალი აუქციონი გამოცხადდა, სადაც ზვიად ბალახაშვილმა იგივე მიწა 106 000 ლარით ნაკლებ ფასად იყიდა.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში მდებარე 28-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული 2840 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით, აუქციონი 2017 წლის 25ივლისს გამოაცხადა. ქონების საწყისი ფასი 142 000 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა კი 2000 ლარი. 

აუქციონში ორმა პირმა მიიღო მონაწილეობა და სულ 54 ბიჯი გაკეთდა, გამარჯვებულად კი ზვიად ბალახაშვილი გამოცხადდა, რომელმაც მიწის ნაკვეთი 250 000 ლარის საფასურად შეიძინა. ნასყიდობის თანხა მას 30 დღის ვადაში უნდა გადაეხადა. 

 იმის გამო, რომ აუქციონში გამარჯვებულმა მიწის საფასური არ გადაიხადა, ქონების მართვის სააგენტომ აუქციონის შედეგები გააუქმა, ხოლო მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა. 

ხელახლა დანიშნულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პირმა - ზვიად ბალახაშვილმა მიიღო, რომელმაც იგივე მიწის ნაკვეთი საწყის ფასად - 144 000 ლარად იყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება უქციონში გამარჯვებულთან 2017 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა. 

ზვიად ბალახაშვილი ბიზნესის სფეროში საქმიანობს, - არის შპს „რუსთავ-ტერმინალის“ დირექტორი, ხელშეკრულებით არის დასაქმებული კიდევ სამ კერძო საწარმოში, 2016 წელს მისი წლიური შემოსავალი ჯამში 14 650 ლარს შეადგენდა. 

ზვიად ბალახაშვილის ძმა ჯაბა ბალახაშვილი 2017 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე იგი ბიზნესომბუდსმენის აპარატში საგადასახადო ექსპერტად მუშაობდა, 2016 წლის 1 თებერვლამდე იყო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკური საბჭოს აპარატის მრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]