weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

50 გრამი შავი ჩაი, 90 გრამი ნალექიანი ყავა – სააღდგომო პაკეტები თუშებს ხელისუფლებისგან

14:23 სამშაბათი, 09 მაისი 2017

ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს, ასევე უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 1 870 ლარის სასაჩუქრე პროდუქტები გადასცა. თუშებისთვის გაგზავნილი სასაჩუქრე პაკეტების შემადგენლობაში შედის 50 გრამი შავი ჩაი, 50 გრამი ხილის ჩაი, 100 გრამი უნალექო და 90 გრამი ნალექიანი ყავა, 1 კგ ნამცხვარი, კარამელი და შოკოლადი, დაახლოებით 2-3 კგ შაქარი, ვერმიშელი და მაკარონი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური დახმარების ბიუჯეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 85 სასაჩუქრე პაკეტია გამოყოფილი. აქედან, 15 უდედმამო ბავშვია, 40 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვი, 30 კი თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირი.

თითოეული სასაჩუქრე პაკეტის ფულადი მოცულობა 50 ლარს შეადგენს, ანუ საერთო ჯამში ბენეფიციარებს საჩუქრად 4 250 ლარის ღირებულების პროდუქტები უნდა გადასცემოდათ.

მიუხედავად ამისა, ახმეტის გამგეობამ სააღდგომოდ სასაჩუქრე პროდუქტების შესყიდვისთვის მხოლოდ 1 870 ლარი, ანუ 2,3-ჯერ ნაკლები გამოყო, რაზეც გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 31 მარტს გამოაცხადა. ტენდერი არ შედგა და საბოლოოდ პროდუქტები ერთ პირთან მოლაპარაკებით შეისყიდეს.                                              

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 თებერვალს საახალწლო საჩუქრებისათვის ახმეტის გამგეობამ იმავე კატეგორიის პირებისთვის შეიძინა 2 742 ლარის პროდუქტები, სააღდგომოდ კი 872 ლარით ნაკლები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ბენეფიციართა რაოდენობა არ შეცვლილა.

მაღალმთიან თუშეთში მცხოვრებთათვის სასაჩუქრე პაკეტები ამჯერად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაიტანეს, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ერთ თვეზე მეტია თუშეთის მიმართულებით რეისებს ყოველკვირეულად ახორციელებს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი იუწყებოდა, რომ

ახმეტის გამგეობამ, 2017 წლის თებერვალში, თუშეთში საახალწლო პაკეტების გადატანა შპს „ავიაკომპანია თუშეთის“-გან სპეციალურად ნაქირავები ვერტმფრენით განახორციელა, რის გამოც 1 250 ლარის ღირებულების პროდუქტის ტრანსპორტირება ბიუჯეტს 25 500 ლარი, ანუ დაახლოებით 20-ჯერ მეტი დაუჯდა.

პროდუქტების გადაცემას ტრადიციულად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და მათ მიერ დაპატიჟებული მაღალი რანგის თანამდებობის პირები ახდენენ. მაგალითად, თუშეთის მცხოვრებთათვის საახალწლო ნობათის გადაცემის „მიზეზით“ ვერტმფრენით იმოგზაურეს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა. ამავე „მისიაში“ მონაწილეობდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გელა სამხარაული, ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი, მისი მოადგილე გიორგი აბელაშვილი და სხვები. ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ: ლელა ნაყეური, ია ქირიკაშვილი და პაატა კარხილაური. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ თუშეთში ჩასულმა ჩინოვნიკებმა იქეიფეს.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა გელა სამხარაულმა განაცხადა: „ეს საკითხი მართლაც მისახედია. არ უნდა ჩანდეს ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება გარკვეული თანხა და ამ თანხის მხოლოდ 10%-ის ღირებულების პროდუქტი მიდის ხალხის დასახმარებლად. ეს თანხა სხვანაირად უნდა განაწილდეს და ფრენა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს“.

შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა სპეციალური კვლევა, სადაც აღნიშნული იყო, რომ

მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობას სულ მიაწოდეს 7500 ლარის ღირებულების პროდუქტები, რომელთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 100 099 ლარი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა.

ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი სხვა მასალაც გამოაქვეყნა ახმეტის გამგეობაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებთან დაკავშირებით: კერძოდ:

საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით, ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური კახეთის რეგიონის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა შორის უპირობო „ლიდერია“. 2015-2016 წლებში იგი მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, ისრაელში, ავსტრიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და შვედეთში.

ახმეტის გამგებელმა პრემიისა და დანამატის სახით 11 700 ლარი გაუწერა თავის მოადგილეს დავით ფოცხვერიშვილს, რომელიც მანამდე პარლამენტის უკვე ყოფილი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსი იყო. გამგებლის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დავით ფოცხვერიშვილმა ქალაქ ახმეტაში საცხოვრებელი სახლი და 0,5 ჰა-მდე ვენახი იყიდა, რისთვისაც 9 390 ლარის ოდენობით 2-წლიანი საბანკო სესხი ჰქონდა აღებული.

2015–2016 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 300 000 ლარზე მეტი.

ბოლო ორ წელიწადში თანამდებობის პირებისთვის საწვავის შეძენაზე დახარჯულია დაახლოებით 150 000 ლარი.

2016 წლის მარტში ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური სპორტული სკოლის მოჭიდავეებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. მოჭიდავეთა გუნდის უშუალო მწვრთნელის ადგილი დელეგაციის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მასში ოფიციალური სტატუსით გამგებლისა და მისი მოადგილის მეუღლეებიც იყვნენ.

2015 წლის ივნისში ახმეტის გამგებელმა საკუთარი ცოლისძმა შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი პირადი მძღოლიც იყო, „კულტურული დასვენების“ მიზნით ლატვიაში მიავლინა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 2 300 ლარი დაუჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი მასპინძელი მხარის მიერ იყო დაფინანსებული. მოგვიანებით გამოირკვა, რომ გამგებლის ცოლისძმა მისთვის ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით, დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]