weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ახალციხეში თურქული ბარების დახურვის მოთხოვნით აქცია გამართეს

10:58 პარასკევი, 10 ნოემბერი 2017
ახალციხეში თურქული ბარების დახურვის მოთხოვნით აქცია გამართეს ფოტო © მეცხრე არხი

ახალციხეში პოლიციის მიერ დაკავებული ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და თურქული ბარების, ე.წ. ლოკანტების დახურვა მოითხოვეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთ ბარში პროსტიტუციას ეწევიან და არა ბიზნეს საქმიანობას.

ე. წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, თურქულ ბარში სამი ახალგაზრდა 9 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის, 22 წლის გრიგოლ კაპანაძის მამის განცხადებით, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ე.წ. ლოკანტაში შესვლა უნდოდათ, რისი უფლებაც არ მისცეს. „ქალი გამოსულა და უთქვამს, რომ მათ არ შეუშვებდა შიგნით, რადგან იქ შესვლის უფლება მხოლოდ თურქებს ჰქონდათ. ამაზე მომხდარა იქ რაღაც ამბავი და ლოკანტაში ქალებს პოლიციაში დაურეკავთ“, – ციტირებს თამაზ კაპანაძის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.

დაკავებულის მამა აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა მისი შვილი ცემეს, რის გამოც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებმა ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადგილზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით კი საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

მეოთხე მამაკაცი ახალციხის რაიონულ სამმართველოში გამოწვეული ხმაურისა და ასევე პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოთხივე დაკავებულს ათი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]