weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ბორჯომის ორი სოფელი დაემატება

00:21 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

2017 წლის ბოლომდე, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ მერობის არჩევნებში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავუჭიროთ და მასთან ერთად ვიმუშაოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის. ბორჯომის 24 სოფელი მაღალმთიანი სტატუსით უკვე სარგებლობს, რომელთაც კიდევ ორი სოფელი - საკირე და ტაძრისი დაემატება. აღნიშნული სოფლები მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში წლის ბოლომდე შევა და იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომელიც მთავრობამ მათთვის დააწესა“, - აღნიშნა ალავიძემ.

ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

სოფელი საკირე ბორჯომიდან 25 კილომეტრში, ტაძრისის თემში, მდინარე საკირულის ხეობაში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 1280 მეტრზეა და მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 954 ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება ტაძრისს, ეს სოფელიც მდინარე საკირულის ხეობაშია, ზღვის დონიდან იმავე სიმაღლეზე. მოსახლეობის ბოლო აღწერით, სოფელში 544 ადამიანი ცხოვრობს.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ნახევარს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

6 საარჩევნო ოლქში, მათ შორის ბორჯომში, მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 21 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტში არჩევნების პირველ ტურში 50%–იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% (5059 ხმა) მიიღო, მეორე ადგილზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე გავიდა, რომელმაც ხმების 40.15% (5035 ხმა) მოაგროვა. ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო „ქართული ოცნებიდან“. თანამდებობიდან ის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]