weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საპატრულო პოლიციის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

14:20 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შს მინისტრმა გიორგი გიორგი გახარიამ წარუდგინა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-ს ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე პროფესიით სამართალმცოდნეა და საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.

2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობზე დაინიშნა. 2015 წლის გაზაფხულიდან კი საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე ის აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. 2012 წელს იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, უფრო ადრე კი საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი.

2013 წელს, გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე, კუპატაძე მათ „ხერხემალში გადატეხვით“ ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდებოდნენ.

„თეიმურაზ კუპატაძე აზოტში 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა. სწორედ, ამ დროს დაიწყო ხალხის დაბარებები. აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების წყალობით მათ იცოდნენ, რომელი თანამშრომელი არ უჭერდა მხარს მმართველ პარტიას. გაკეთდა ასეთი ხალხის სიები, სადაც მეც მოვხვდი. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ჩემთან მოდიოდნენ აზოტის ქარხნის თანამშრომლები და მეუბნებოდნენ, რომ მათ კუპატაძე იბარებდა და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა. ასევე, პირადად შევესწარი ორ საამქროში კუპატაძის თათბირს, სადაც ის სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა „უღირსებს“. ამ კატეგორიაში კი „ოცნების“ მხარდამჭერები შედიოდნენ.

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია, როგორც შემეძლო გავავრცელე, კუპატაძემ საკუთარ კაბინეტში დამიბარა. ამბობდა, რომ „ოცნების“ ხალხი მოღალატეები და რუსეთუმეები არიან. თქვა, რომ აზოტის უღირს და მოღალატე თანამშრომლებს 1-ლი ოქტომბრის შემდეგ უმუშევრად დაგვტოვებდა. ჩემი მდგომარეობა იმან შეამსუბუქა, რომ იმ პერიოდში საოლქო კომისიის წევრი ვიყავი და ჩემი გაგდება მას რიგითი აზოტელის გაგდებაზე გაცილებით მეტ პრობლემებას შეუქმნიდა“, - იხსენებს რუსთავის აზოტის ქარხნის ერთ-ერთი საამქროს ცვლის უფროსი კიაზო შარიქაძე.

თეიმურაზ კუპატაძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 21 მარტს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2 მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულება 35 ათასი აშშ დოლარია. ასევე აქვს 80 ათასი აშშ დოლარი, რომელიც როგორც კუპატაძე განმარტავს, საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან მიიღო. დანაზოგის სახით აქვს ნაღდი ფული 28 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წელს საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული აქვს 47 241 ლარი. თეიმურაზ კუპატაძეს ჰყავს მეუღლე - მაია ტაბუცაძე და ორი არასრულწლოვანი შვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]