weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2024

გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციას პანკისში ამ დრომდე არ ადასტურებენ

13:29 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ, პანკისის ხეობაში მცხოვრები მისი ნათესავები ამ დრომდე არ ადასტურებენ. გურამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი პირია. დაახლოებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთან თარხან ბათირაშვილთან და მისი გუნდის წევრად ითვლებოდა.

„ვიდრე სახელმწიფო არ დაადასტურებს, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნამდვილად ის არის მოკლული, მანამდე ის ჩემთვის ცოცხალია“, - უთხრა „რეგინფოს“ ადამ გუმაშვილის დამ, მარინე გუმაშვილმა, რომელმაც მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ძმა ცოცხალია.

გურამ გუმაშვილის ნათესავების განცხადებით, ვიდეომასალაში, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ შეიარაღებული პირი ეზოში გარბის და ისვრის, გურამ გუმაშვილს ჰგავს, თუმცა ლიკვიდაციის და ხელყუმბარის აფეთქების შემდეგ ფოტოზე ასახული პირი მაღალი ალბათობით გურამ გუმაშვილი არ არის.

„ფოტოზე ვინც არის ასახული, გურამი ნამდვილად ვერ ამოვიცანით. მას კარგად ვიცნობთ და თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტოზე ის არ არის“, - აღნიშნეს გუმაშვილის ნათესავებმა.

გურამ გუმაშვილის ბიძის, პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელის ზაურ გუმაშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს გურამ გუმაშვილი ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის სირიაშია და თავს კარგად გრძნობს. ზაურ გუმაშვილი არ აკონკრეტებს ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია გურამ გუმაშვილს.

გურამ გუმაშვილი 43 წლის არის. იგი პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის და ქისტი პოეტის, სულეიმან გუმაშვილის შვილია. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, გურამ გუმაშვილი პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა და მოგვიანებით, შვილი, 18 წლის სულთან გუმაშვილიც წაიყვანა. სულთან გუმაშვილი ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სულთან გუმაშვილი სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად, 2016 წლის აგვისტოში დაიღუპა. პანკისის ხეობაში ცხოვრობს გურამ გუმაშვილის 2 ცოლი და 6 შვილი.

რამდენიმე თვის წინ, პანკისში, სირიიდან მის მიერ გამოგზავნილი აუდიოჩანაწერიც გავრცელდა, სადაც ის თანასოფლელებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისა და მათ რიგებში გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატ იმედა ქარქაშაძისგანცხადებით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ის სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ის ან სურხო დუდაევია ან საედდუდაევი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის არის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერიახმედ ჩატაევი. 26 ნოემბერს, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართულები.მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]