weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გურჯაანის მერის მოადგილეებად ნიკოლოზ გეთიაშვილი და სიმონ ქოჩორაშვილი დაინიშნენ

14:41 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოადგილეებად ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი და საკრებულოს ყოფილი წევრი სიმონ ქოჩორაშვილი დანიშნა. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მის მიერ წარდგენილი გუნდის საქმიანობის შედეგად, 4 წლის შემდეგ გურჯაანი ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტი იქნება.

„პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილია. ის აქტიურად მუშაობდა საკრებულოში. გურჯაანის მოსახლეობისთვის ბევრი სასიკეთო რამ შეძლო იმ კუთხით, რასაც საკრებულოში დეპუტატის მუშაობა ჰქვია. მეორე მოადგილე ნიკა გეთიაშვილია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მცირე ბიზნესსა და მენეჯმენტში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ნიკას აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში და ეს განსაკუთრებით პრიორიტეტულია გურჯაანისთვის და იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც მე დამიჭირეს მხარი. დარწმუნებული ვარ, მე და ნიკა ძალიან ადვილად გავართმევთ თავს სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ხანდამაშვილმა.

სიმონ ქოჩორაშვილი 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, სოფელ კარდენახის მაჟორიტარი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კენჭისყრაზე უარი თქვა. იგი კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან მეგობრობს. ირაკლი ქადაგიშვილი 2012-2014 წლებში „თავისუფალი-დემოკრატების“ თავჯდომარე იყო.

რაც შეეხება ნიკოლოზ გეთიაშვილს, ის გურჯაანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს ფლობს. 2014 წელს ნიკოლოზ გეთიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა მაშინ პარტიამ გამგებლობის კანდიდატად გივი გერგიძე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]