weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის წესით აღარ დაისჯება

15:39 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

მარიხუანის მოხმარება სისხლისსამართლებრივი წესით აღარ დაისჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კიდექსის 273-ე მუხლი, რომლითაც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარება დასჯადი იყო.

გივი შანიძის ინტერესებს სასამართლოში „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია იცავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

„კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. პირის უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.

ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.    

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]