weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აჭარაში ლეპტოსპიროზით წელს სამი ადამიანი გარდაიცვალა

16:36 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 2017 წელს, აჭარაში ლეპტოსპიროზით სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბოლო შემთხვევა ერთი კვირის წინ დაფიქსირდა. დაავადება ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა. გარდაცვლილი ცხოველთან კონტაქტის შედეგად დაავადდა.

ახლობლებზე დაყრდნობით, აჭარის ტელევიზია იუწყება, რომ მამაკაცმა ხელი საქონლის დაკვლის დროს გაიჭრა და რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ქონდა. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს, თუმცა ინფიცირებულის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფექციური დაავადების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარაშია.

ლეპტოსპიროზი მწვავე გენერალიზებული ინფექციაა. ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპიროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება.

ლეპტოსპიროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების მკვეთრი ტკივილი, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში- სიყვითლე, ჰემორაგიული სინდრომი, თირკმელების მწვავე უკმარისობა და მენინგიტი. ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმა იწყება უეცრად, წინასწარი მოვლენების გარეშე, ძლიერი შემცივნებით და მაღალი - 39-40 გრადუსამდე - ტემპერატურით (70%-ში), მენინგიტით (20%-ში), ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით (10%-ში). ავადმყოფი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, უძილობას, უმადობას, წყურვილს, წვივის, ბარძაყის, წელისა და სხვა კუნთების ტკივილს, რაც ძლიერ ზღუდავს, შეუძლებელსაც კი ხდის სიარულს.

ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა - სახე გაწითლებული და შეშუპებულია; თვალის სკლერები ჩაწითლებულია, მაგრამ არ შეიმჩნევა კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელი გამონადენი; ზოგჯერ წითლდება კისრისა და გულმკერდის ზემო ნაწილიც (ე. წ. კაპიუშონის სიმპტომი); ტემპერატურა 5-7 დღის განმავლობაში მაღალი რჩება, მუდმივია და სწრაფად იკლებს. მკურნალობა ტარდება სტაციონარში.

დაავადების თავიდან ასაცილებლად დაიცავით მღრღნელებისგან წყლის რეზერვუარები და სურსათი; ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატევებიდან; ნუ შეჭამთ ავადმყოფი ცხოველის ხორცს სათანადო თერმული დამუშავების გარეშე; იზრუნეთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]