weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ევროპელმა მოთხილამურეებმა უშბის მწვერვალიდან დაშვება სცადეს

12:18 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

ევროპელი მოთხილამურეები ლეო სლემეტი, სემ ანტჰამატენი და მარკუს ედერი უშბის 4694 მეტრი სიმაღლის ჩრდილოეთ მწვერვალზე ავიდნენ და პირველად ისტორიაში, თხილამურებით დაშვება სცადეს. ექსტრემალურ თავგადასავალს 20-წუთიანი ფილმი აღწერს, რომელიც 2014 წელს ტრაგიკულად დაღუპული შვედი ექსტრემალი მოთხილამურის, ანდრეას ფრანსონის ხსოვნას ეძღვნება.

მოთხილამურეების თქმით, ისინი საქართველოში უშბის სურათის წყალობით მოხვდნენ, რომელიც 5-6 წლის წინ ნახეს და მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი ამბობენ, რომ უშბიდან დაშვების მცდელობა მათთვის ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება იყო და ერთ დღეს უკან დაბრუნდებიან.

უშბა, რომლის სიმაღლე 4710 მეტრია, კავკასიონის ყველაზე მაღალი მწვერვალია. მისი სამხრეთი მწვერვალის სიმაღლე 4700 მეტრია, ჩრდილოეთი კი 10 მეტრით დაბალია.

უშბის მწვერვალები, რომლებიც კავკასიაში ყველაზე ძნელად დასაძლევია, თავისი განუმეორებელი სილამაზითა და მიუდგომლობით მთასვლელებში დიდ ინტერესს იწვევს.

როგორც ევროპელი მოთხილამურეების ფილმშია აღნიშნული, უშბა სვანებისთვის მისტიკურ და აუღებელ ადგილად ითვლებოდა.

უშბაზე ასვლა 1868 წელს პირველად სცადეს ინგლისელმა ალპინისტებმა დაგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1888 წელს ინგლისელებმა - ჯონ კოკინმა და ულრიხ ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთის პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს იყო პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე.

1934 წელს უშბაზე ავიდა პირველი ქართული ჯგუფი და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით. ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის პიკზე ფეხი შედგა. 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა კლდოვან ასვლებს უშბაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]