weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მკვლელობის საქმეზე 150 პირი დაიკითხა, უმეტესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს  - შს მინისტრი

21:48 კვირა, 03 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე 150 პირი დაიკითხა, თუმცა უმეტესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

"1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე N4-ში შეიკრიბნენ 51 სკოლის მე-11 კლასელები, მათთან ერთად იმყოფებოდა არასრულწლოვანი, მე-8 კლასელი, რომელთა შორისაც მოხდა კონფლიქტი. ამ კონფლიქტში არასრულწლოვანი მე-8 კლასელის თხოვნით ჩაერთნენ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. მინდა აღვნიშნო, რომ დადგენილია ფაქტის ჩამდენი. მიმდინარეობს გამოძიება. მეორე ბრალდებული ასევე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში სამართალდამცავებმა დაკითხეს 150 პირი, არასრულწლოვნების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, კანონიერი წარმომადგენლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ძალზედ მცირე რაოდენობამ – ეს სერიოზული პრობლემაა და ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, საზოგადოების სხვა წევრებმა, მოქალაქეებმა, რომლებიც აქტიურ პოზიციას იჭერენ, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ძალზედ სერიოზული ნაბიჯები, რომ არასრულწლოვნებში პირველ რიგში დანაშაულის აღქმის შესაბამისი სწორი პოზიციები არსებობდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული. ყველა ადამიანი, ვინც იღებდა დანაშაულში მონაწილეობას, ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან, უმკაცრესად და სამართლიანად იქნება დასჯილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი ასევე გამოეხმაურა მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მთავარ პროკურატურაში მუშაობის ფაქტს. მინისტრის განცხადებით, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს პროკურატურამ უკვე გასცა პასუხი და თქვა, რომ მოწმის მამას გამოძიებასთან არანაირი შეხება არა აქვს, ამასთან მან თავისი სურვილით უკვე მიმართა მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ორი პირი მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი ემალება გამოძიებას. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობამდე 51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რაც გადაიზარდა დაპირისპირებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]