weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

15:54 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

1924 წლიდან საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ეროვნული აქრივის ინფორმაციით, ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა.

ხელნაწერი დღეს ბიუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს.

ქართული ხელნაწერის ახალი აღწერა 2015 წელს შეიქმნა. სახარება-პალიმფსესტის შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.

ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.

ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით. ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი,  ბერი ესტატეა.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შესულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013 წ); ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015 წ): ანბანდიდი სახარება (IX ს.), ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.), ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.), ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი), შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი), მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

ეროვნული არქივის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]