weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძება დაიწყო

17:34 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

პანკისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პანკისის სათემო რადიოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

"საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. - ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა სუხიაშვილმა. 

თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 26 დეკემბერს ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი მისამართით მოხდა გასროლა, რის შედეგადაც იგი თავის არეში დაიჭრა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ის ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ. დაჭრილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და მას საწოლიდან წამოდგომამდე ესროლეს.

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი – ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მათ მიმართ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის ხელშეწყობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]