weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი გაუტეხელობის სიმბოლოა - პრეზიდენტი

18:56 კვირა, 14 იანვარი 2018

14 იანვარს თბილისსა და რეგიონებში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.

პრეზიდენტის მონაწილეობით, დროშის აღმართვის ღონისძიება გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. გიორგი მარგველაშვილმა იუნკერებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

„დღეს ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფო სიწმინდის, ჩვენი ღირსების, ჩვენი თავმოყვარეობის სიმბოლოს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს. ამ დღეს ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენთვის. იმ ადგილას, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში მოხდა ის, რაც თავიდან ბოლომდე აღწერს რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა.

2008 წელს თქვენი და ჩვენი თანამებრძოლი სულ რამდენიმე კილომეტრში აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული და ვერ გატეხეს. ვერ გატეხეს გიორგი ანწუხელიძე - ადამიანი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა სიძლიერე, თავმოყვარეობა და თავისი სამშობლოს სიყვარული. მაშინ, ოკუპანტმა დაიპყრო ტერიტორია, ნაწილი ჩვენი სამშობლოს გულისა, გაავლო ჩვენს სხეულზე ეს იარა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ვერ გატეხა ქართველი ჯარისკაცი. მანამდე, 93 წელს, სოხუმში მეორე ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული. ისიც არ გატყდა და მიუხედავად იმისა, რომ მტერმა აიღო ჩვენი სოფლები და ქალაქები, ვერ გატეხა ქართველი მებრძოლი.

ჩემთვის ეს ორი ამბავი არის სიმბოლო იმისა, რას ნიშნავს დროშა. დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა და ის დღეს, იქ იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული, არც ანწუხელიძის და არც გაბესკირიასი. მათი გმირობა ისეთივე აღმაფრთოვანებელია დღეს, როგორც ჩვენი წინაპრების გმირობა, რომლებმაც ჩვენი სამშობლო საუკუნეების განმავლობაში დღევანდლამდე მოიყვანეს და სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გმირობა არის მიზანი, რომ ასე იცხოვრონ, მანამდე ქართული დროშა მუდამ იფრიალებს ძალიან ამაყად და მაღლა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დროშის აღმართვის ღონისძიების მცხეთაშიც გაიმართა, სადაც ეროვნული დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ქართველ სპორტსმენებთან ერთად ბებრის ციხეზე აღმართა. კახეთში, უჯარმის ციხეზე, დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა. სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა ქუთაისშიც. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში დროშა ექიმებმა აღმართეს. გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა სენაკში დაასრულა, სადაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში დროშა თემურ ბოკუჩავას შვილმა, მეუღლემ და მასწავლებელმა აღმართეს.

პრეზიდენტმა ყველა რეგიონში დროშის აღმართვის ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო დროშები და დროშის გამოყენებისა და აღმართვის წესები გადასცა.

საქართელოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს 2012 წლიდან პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]