weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

10:30 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. სასტუმროს მეპატრონის ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, 24 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სასტუმრომ ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა მეპატრონე ორი თვის განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასს უხდიდა. ამ ეტაპზე ანაზღაურების გაცემას ის ვეღარ ახერხებს.

„ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ფუნქციონირების განახლება, სასტუმროს მეპატრონე იძულებული გახდა თანამშრომლები უხელფასო შვებულებებში გაეშვა. როგორც კი გაჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ ადმინისტრაცია დაუბრუნდეს სასტუმროს და კაზინოს რომელიც იქ არსებობს, არის პირობა გაცემული და ეს პირობა შესრულდება, რომ ყველა თანამშრომელი თავის პოზოციაზე იქნება დაბრუნებული“, - უთხრა სასტუმროს მეპატრონის ადვოკატმა კახა წერეთელმა „აჭარის ტელევიზიას“.

ტელეკომპანიის ცნობით, შვებულებაში გაშვებულმა თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მათ მხოლოდ ნახევარი თვის ანაზღაურება მიიღეს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს.

როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სავარაუდოდ, შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ ჰქონდა. თვითმხილველები კი ამბობდნენ, რომ დაკვამლიანების შემდეგ როცა შუქი გაითიშა, სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო და წყალი იღვრებოდა, თუმცა ადამიანებს სუნთქვა მაინც უჭირდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განცხადებით, იმის გამო, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, ობიექტმა 2017 წელს ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი ვერ მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროს საზეიმო გახსნის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]