weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა აშშ-ში საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის

10:27 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭოებმა დაიწყო განაცხადების მიღება პროფესიული პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამა განკუთვნილია 25-დან 35 წლამდე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებისთვის და ითვალისწინებს ხუთკვირიან სტაჟირებას აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში.

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვეთში, თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო და სახელმწიფო მართვის პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის, ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.

2018 წლის პროგრამის ქართველი ფინალისტები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. მასში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა მისამართზე: https://ais.americancouncils.org/pfp ნახევარფინალისტები შეირჩევიან ანკეტების საფუძველზე და მათ გასაუბრებები ჩაუტარდებათ ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში. ფინალისტების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისში.

აშშ–ს დედაქალაქში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს ვაშინგტონში ფინალისტები ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ამ ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებსაც.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს; უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი; უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში ან არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება (მაგ., საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ან არასამთავრობო სექტორი); უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში; უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

პროგრამაში 2018 წლის შემოდგომაზე მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 მარტი. პროგრამის სავარაუდო პერიოდია 2018 წლის 9 ოქტომბერი - 17 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ regmarket.ge-ზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]