weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება - აფგან მუხთარლი

12:32 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის მსხვერპლია. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს.

აფგან მუხთარლიმ, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან ორი დღით არის გათავისუფლებული, ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს მისცა.

„საქართველოში ყოფნის დროს ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი. მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას საქართველოში, ტურისტულ სფეროში დიდი ბიზნესი აქვს. ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია „სილქ ვეი“ და ორგანიზაცია „სილქ ვეი საქართველო“. აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს, „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან გამიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნესპარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს. ალბათ იცოდა, რომ გამიტაცებდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი. მისი თანხმობის გარეშე, ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა“, - აცხადებს ჟურნალისტი.

მუხთარლის მტკიცებით, მისი გატაცების საქმეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები, ასევე კრიმინალური პოლიცია იყო ჩართული.

„ვფიქრობ, ეს ილჰამ ალიევის სურვილით მოხდა. საქართველოში სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კანონიერი გზებით კი არ გადამცეს აზერბაიჯანს, არამედ ჩემი უკანონო გატაცება მოახდინა.

პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა. პირებს, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ისინი ამ უწყების წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი ქართველი იყო და არცერთი აზერბაიჯანელი.

ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს ეკისრებათ. კერძოდ კი, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებს. იძულებული ვარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიგავაგრძელო. კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე“, - ციტირებს „რუსთავი 2“ აფგან მუხთარლის კომენტარს.

მუხთარლი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს ის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისგამო. მუხთარლი სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მუხთარლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

31 დეკემბერს, ზაქათალაში, აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. სასამართლომ მუხთარლის მათ დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა, ორმოცისთვის კი საპატიმრო დაწესებულებიდან ორი დღით გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]