weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუისპირში სოფლის ნაკვეთის ინვესტორებზე გასხვისება აქციით გააპროტესტეს

18:16 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გაყიდვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის ორ ინვესტორზე გასხვისება მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, რის გამოც სოფელი საძოვრის გარეშე დარჩა.

გაყიდულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დაწყებულია, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ინვესტორს მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ. მათ 16 თებერვალს თელავის მერიაში განცხადებაც შეიტანეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ მიწის ნაკვეთი სოფელს დაუბრუნდეს.

„სადავო ტერიტორია, მთავრობის დავალებით და სოფლის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკანონო გადაეცა ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ კი ორ ბიზნესმენს. მიწის გასხვისებას იმით ამართლებენ, რომ, ვითომ, ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, თუმცა არანაირი ინვესტიცია არ იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მფლობელმა აქ აუზებიანი სახლი უნდა ააშენოს, მეორე კი მიწის უფრო მაღალ ფასში გაყიდვას გეგმავს. ეს ტერიტორია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა საძოვრად იყენებს. რუისპირს საძოვარი არცერთი მხრიდან აღარ აქვს დარჩენილი“, - უთხრა „რეგინფოს“ რუისპირის მცხოვრებმა, „ევროპული საქართველოდან“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაცარაშვილმა.

ბიზნესმენი გიორგი ქოჩლაძე, რომელსაც სადავო ტერიტორიაზე მშენებლობა აქვს დაწყებული, ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი 2018 წლის თებერვალში ეკონომიკის სამინისტროსგან კანონიერად შეიძინა. მისივე თქმით, შენდება არა კერძო საცხოვრებელი სახლი, არამედ 37-ნომრიანი სასტუმრო.

„ეკონომიკის სამინისტროსთან გვაქვს შეთანხმება, რომ ერთ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება“, - აცხადებს გიორგი ქოჩლაძე.

რუისპირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაყიდულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]