weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა

23:24 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე სავარაუდოდ წამების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა საქართველოს მთავრობას კიდევ 2 დღე მისცეს იმისათვის, რომ ცხინვალიდან ცხედრის გადმოსვენება მოხერხდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი, დაშლისკენ მოუწოდა.

არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ცხედრის გადმოსვენება 2 დღის განმავლობაში არ მოხდება, საპროტესტო აქციები განახლდება და უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.

ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თანასოფლელებმა ნატახტართან ჯერ კობი-გუდაურის გზა გადაკეტეს, შემდეგ კი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალი. ტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ დროისთვის გზა ღიაა.

„სამი დღეა ველოდები, ხალხო და ჩემი მკვდარი შვილი მაინც მომიყვანონ. მომიკლეს და მკდარი მაინც მომცენ. ხომ ჰყავთ მინისტრები ყველგან, გააკეთონ რამე, მოაგვარონ საქმე, რისთვის არის ეს მთავრობა? არაფერი შეუძლიათ და იმიტომ მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები სპეცრაზმთან ერთად. ჩამიყენეს იქ ჩემი შვილის ტოლები, პატარა ბიჭები, თავებსაც ვერ სწევდნენ მაღლა“, - აღნიშნა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის დედამ.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 23 თებერვალს ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. მოგვიანებით, საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა ე.წ. ინფარქტი დაასახელა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ტატუნაშვილი ციხეში გადაყვანამდე გარდაიცვალა და ის ნაცემი იყო.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ვიდრე რუსეთიდან პასუხს არ მიიღებენ, ოჯახისთვის მისი გადაცემა არ მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]