weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ბოლო საათებში მიღებული ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს უახლოეს დროში გადმოგვცემენ - პრემიერი

12:36 კვირა, 04 მარტი 2018 hits 1190

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან 34 წლის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

პრემიერი ამ საკითხს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით, მაგრამ „უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული“

„ჩვენს ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულად დავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ამ დრომდე ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი.

ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითა თუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით.

ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ, ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი - კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც სჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის.

ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი.

მე დარწმუნებული ვარ, გვეყოფა სიბრძნე და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე, გავაგრძელებთ მომავლის შენებას.

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტაყუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტსუშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]