weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება

11:00 სამშაბათი, 06 მარტი 2018

გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ კომპლექსური გეგმისა, რომელიც ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციას ითვალისწინებს.

„მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა შემუშავებული. ამაზე საჯაროდაც იყო საუბარი. დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეები გვარის შეცვლის შედეგად, რამდენჯერმე, სხვადასხვა გვარით ახერხებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას, რაც დანაშაულია. 

„ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რათქმაუნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრების შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ორი კვირის წინ განაცხადა. მისი თქმით, შენგენის ზონაში დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, იღებენ ცოლის ან ბებიის გვარს და ახალი გვარით ისევ შენგენის ზონაში შედიან. 

რამდენიმე კვირის წინ გერმანულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს და საამისოდ მან კამპანიაც დაიწყო. უვიზო რეჟიმის გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად ლტოლვილებით დასახლებულ ქალაქებში კრიმინალის ზრდა სახელდება. 

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში თავშესაფრის მაძიებელთა 1465 ახალი განაცხადი დარეგისტრირდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში 879-მა თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, თავშესაფარზე უარი მიიღო, დაკმაყოფილდა მხოლოდ 13 განაცხადი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]