weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ გადმოგვცემენ – საპატრიარქო

17:02 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, ოჯახს, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გადმოსცემენ, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოსთან სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს. ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისთვის 2 მარტს გაგზავნილ წერილზეც მიიღო პასუხი.

„პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს რუსეთის პატრიარქი კირილე აწერს.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტაყუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტსუშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]