weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მეშახტეები ტყიბულის შახტების დროებით გაჩერებას ითხოვენ

16:57 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა კომპანია „საქნახშირს“ მიმართა და შახტების დროებით გაჩერება მოითხოვა. მიმართვის ავტორები უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე შახტებში შრომის გაგრძელება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

„შახტების ამ ფორმით ფუნქციონირების ყოველი დღე საფრხის ქვეშ გვამყოფებს. ყოველი ცვლის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს, რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან. სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე მივმართეთ საქნახშირს მეშახტეების სახელით და მოვითხოვთ:

  • დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების (ასევე მასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესები) ფუნქციონირება და კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები შესაბამისობაში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ;
  • დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისათვის;
  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის თანამშრომლები რომლებიც არიან პასუხისმგებლები საწარმოში დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაზე“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

შახტების დროებით გაჩერებას ითხოვს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც.

5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამთო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამაც, თუმცა მათი დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

აღსანიშნავია, რომ მინდელის სახელობის შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. იმავე წლის ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]