weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კაზინოს დაცვამ 3 ახალგაზრდა სასტიკად ცემა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

12:03 შაბათი, 21 აპრილი 2018

გურჯაანში, აგრარულ ბაზართან, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე სამორინეს დაცვის თანამშრომლებმა სამი ახალგაზრდა, 28 წლის ვასო მაისურაძე, 34 წლის თემურ თათელიშვილი და 30 წლის სპარტაკ სალთხუციშვილი ცემეს. მძიმეა ვასო მაისურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უგონოდაა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. იგი თბილისში, ჟვანიას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დანარჩენი დაზარალებულებიდან ერთ-ერთს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს კი დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტი 15 აპრილს მოხდა. „კვირაცხოვლობა იყო. ჩემმა ორმა შვილმა და მათმა ორმა მეგობარმა დღესასწაული რესტორანში აღნიშნეს. ამის შემდეგ ერთი შვილი სახლში წამოვიდა, ვასიკო და ორი მეგობარი კი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის დასაქირავებლად გადავიდნენ. მსუბუქად ნასვამები იყვნენ. ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ ტაქსისტები კაზინოში იყვნენ. ამიტომ მათ დასაძახებლად შენობაში შესვლა სცადეს. დაცვის თანამშრომელი არ უშვებდა. აქ თუ შეხვალთ, უნდა ითამაშოთ კიდეცო. ხელი უკვრიათ და უზრდელურად მიუმართავთ. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი. გაწევ-გამოწევა რომ დაიწყო, ვასო გაერიდა და გზის მეორე მხარეს გადავიდა. დაცვის ერთი თანამშრომელი დაედევნა და სასტიკად ცემა. ორი ახალგზარდა კი კაზინოში ცემეს“, - უთხრა „რეგინფოს“ ვასო მაისურაძის დედამ, მაია მაისურაძემ.

მისივე თქმით, თვითმხილველებისგან იცის, რომ ინციდენტს ათზე მეტი ადამიანი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც შეესწრნენ, თუმცა სამართალდამცავებმა რეაგირება არ მოახდინეს.

„პოლიციამ გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ არავინ დაუკავებიათ. ვიდრე ვასო გონზე არ მოვა და არ დავკითხავთ, ვერავის დავაკავებთო, ასე მითხრეს პოლიციაში. არც მოწმეები დაუკითხავთ, საერთოდ არაფერს აკეთებენ“, - აღნიშნავს დაშავებულის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს: „დადგენილია შესაძლო დამნაშავე - ერთი პირი. სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიკითხა ფაქტის ყველა თვითმხილველი და დაცვის ორი თანამშრომელი. სასამართლო განჩინების საფუძველზე, სავარაუდოდ, დღეს, მოხდება კამერების ჩანაწერების ამოღებაც. ამ ეტაპზე არავინ არის დაკავებული. ველოდებით ექიმის დასკვნას - ნაცემი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ეს კაზინოს დაცვის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]