weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2020

დემირელის სკოლის მენეჯერს მუსტაფა ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

13:17 პარასკევი, 26 მაისი 2017 hits 1324

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად  ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება. 25 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ჩაბუქმა ქართულ მხარეს სთხოვა, თურქეთს არ გადასცენ.

„არც საქართველოში და არც თურქეთში ნასამართლევი არ ვარ. ჩემ ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ახლა თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და ვთხოვ ქართულ მხარეს, თირქეთს არ გადამცენ“, - განაცხადა მუსტაფა ჩაბუქმა.

დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ საექსტრადიციო პატიმრობის შერჩევისას მხედველობაში მიიღო მიმალვისა და შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკების არსებობა. 

„ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. თუკი არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა ბრალდებულმა საქართველოს საზღვრები დატოვოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გვაქვს მუხლი, რომელის მიხედვით, სასამართლოს აქვს უფლება ბრალდებულს ჩამოართვას ის პასპორტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს დატოვოს საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა სასამართლო სხოდმაზე მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ ჭაბუკაძემ.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 15 წელია საქართველოში ცხოვრობს. კრიმინალურმა პოლიციამ ის რამდენიმე დღის წინ დააკავა. ჩაბუქის მეუღლის და ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება თურქეთის მხარემ „ფეტჰულა გიულენის ტერორისტულ მოძრაობასთან“ (FETÖ) სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა.

დაკავებულის მეუღლე თუფა კანდემირ-ჩაბუქი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ქმრის დაკავება საქართველოში თურქეთის დელეგაციის ვიზიტის მეორე დღეს, 24 მაისს მოხდა.

„მიზეზი სავარაუდოდ თურქეთიდან მომდინარეობს. გუშინ თურქეთის დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, დღეს დილით დააკავეს ჩემი მეუღლე. გამომძიებლებმაც მითხრეს, რომ ქართული მხარე მუსტაფას სამართლებრივად არაფერს ედავება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, სწრაფად მოახდინონ რეაგირება და არ გადასცენ უდანაშაულო მუსტაფა ჩაბუქი თურქეთს,“ - ამბობს თუფა კანდემირ-ჩაბუქი.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თურქული მხარისგან მიღებულ საქმის მასალებში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჩაბუქის კავშირი არ დასტურდება.

„მას თურქეთის ხელისუფლება ედავება ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ფეტოს“ ხელის შეწყობაში. თითქოს, ბატონი ჩაბუკი, რომელიც საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველია, ეხმარებოდა ერთ-ერთ პარტნიორს გაესხვისებინა თავისი წილი ამერიკულ კომპანიაზე, რომელსაც ფაქტობრივად ბრალს არ უყენებენ ტერორისტულ ორგანიზაციისთვის ხელის შეწყობაში“, - აცხადებს სოსო ბართაშვილი.

აღსანიშნავა, რომ 2015 წლიდან თურქეთის ხელსუფლების მიერ აშშ-ში მცხოვრები რელიგიური ლიდერის ფეტჰულა გიულენის მოძრაობა გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად და „ფეტჰულა გიულენის ტერორისტული მოძრაობა“ (FETÖ) ეწოდება. 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ხელისუფლება სწორედ გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაგმო და მასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ კეძო დაწესებულებებში მომუშავე 10 ათასზე მეტი მასწავლებელი,  რომლებიც ფეტჰულა გიულენის სახელს უკავშირდებოდა.

2017 წლის თებერვალში ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც ბათუმში 1994 წლიდან მუშაობდა. ავტორიზაციის გაუქმებას წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის განცხადება იმის თაობაზე, რომ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტულ მიზნებს ემსახურება. „ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში გენერალური კონსული აღნიშნავდა, რომ სკოლა ფეტჰულა გიულენის „ტერორისტული დაჯგუფების“ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო და მის დახურვასთან დაკავშირებით, გენერალური საკონსულო საქართველოს შესაბამის უწყებებთან ინიციატივას წარადგენდა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განმარტებით, შაჰინის სკოლას ჰქონდა რამდენიმე დარღვევა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო მოსწავლეთა მიღების საკითხი, რის გამოც ცენტრმა ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]