weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახმეტის გამგებლის 49 წლიანი კორუფციული გარიგება „სანდო“ ხელქვეითთან

18:00 კვირა, 28 მაისი 2017

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 77 101 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი, 49 წლიანი იჯარით, გამგეობის საჯარო მოხელეს - ლევან უძილაურს გადასცა. აუქციონის პირობებში იჯარის ვადა მხოლოდ 20 წელი იყო, თუმცა გამგებელმა ეს ვადა აუქციონის შემდეგ უკანონოდ გაზარდა, რადგან ლევან უძილაური მისი ნათესავი და სამსახურებრივად დაახლოებული პირია.

2016 წლის 28 ნოემბერს ახმეტის გამგეობამ სოფელ ფიჩხოვანში მდებარე 77 101 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სახნავი) მუნიციპალურ საკუთრებაში დაირეგისტრირა.

იმავე წლის 21 დეკემბერს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა გამოსცა ბრძანება №2511-ს ამ მიწის ნაკვეთის გაიჯარების მიზნით ელექტრონული აუქციონის გამოცხადების თაობაზე. ინფორმაცია აუქციონის შესახებ ვებ-გვერდზე www.eauction.ge 2017 წლის მარტში განთავსდა. მასში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი 20 წლის ვადით უნდა გაიჯარებულიყო, საწყისი წლიური ქირა კი მინიმალური ოდენობით - 1928 ლარით განისაზღვრა. 

საჯარო აუქციონში ორმა პირმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულად კი ახმეტაში, სოფელ ჭართალაში მცხოვრები ლევან უძილაური გამოცხადდა. მასთან იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც შემდეგ დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში წარადგინეს.

სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებითი წინაააღმდეგობა აღმოჩნდა, რის გამოც საჯარო რეესტრმა რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა. როგორც გამოირკვა, გამგეობა აუქციონის პირობებს გასცდა და ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ მოიჯარეს მიწა არა 20 წლით, არამედ 49 წლის ვადით გადაეცემოდა.

ახმეტის გამგებელმა ხარვეზის გამოსასწორებლად უპრეცედენტო გზა აირჩია - 2017 წლის 5 აპრილს მან გამოსცა ახალი ბრძანება - №498-ს, რომლითაც აუქციონის პირობები მისი ჩატარების შემდეგ შეცვალა და იჯარის 49-წლიანი ვადა დაადგინა.  შესაბამისად, მეორე დღესვე ხსენებული 77 101 კვ.მ სახნავი მიწა 49-წლიანი იჯარის უფლებით ლევან უძილაურზე დარეგისტრირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის გამგებელს არა აქვს მინიჭებული აუქციონის დასრულების შემდეგ იჯარით გადაცემის ვადის გაზრდის უფლებამოსილება. სწორედ ამიტომ, ახმეტის გამგებლის ბრძანებაში საერთოდ არ არის მითითებული რაიმე კონკრეტული სამართლებრივი ნორმა.

გარდა ამისა, 2017 წლის 23 მარტს ლევან უძილაურმა საკუთრების უფლებით შეიძინა ახმეტაში, ჩაჩხრიალას ტერიტორიაზე მდებარე 1215 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც. მიწის შესყიდვა აუქციონზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც გამგებლის ბრძანებით მისი თავდაპირველი საფასური განახევრდა. საბოლოოდ, 6 700 ლარად შეფასებულ ქონებაში მყიდველმა მხოლოდ 3 512 ლარი გადაიხადა (თანხა მითითებულია ბიჯის ჩათვლით).

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ აუქციონში გამარჯვებული ლევან უძილაური ახმეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეა - იგი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში წამყვან სპეციალისტად მუშაობს. გარდა ამისა, ის ბექა ბაიდაურის ნათესავია. პრივილეგიებით სარგებლობენ მისი ახლობლებიც.

ლევან უძილაურის ბიძა მერაბ (ელგუჯა) უძილაური ახმეტის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირის - სახელოვნებო სკოლის მთავარი სპეციალისტია და, მხოლოდ გამგებელთან ახლო ურთიერთობის გამო, ყველა სხვა თანამშრომელზე მაღალი ხელფასი აქვს დანიშნული. ამასთან, იგი არის გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრიც.

ახმეტის გამგეობაშია დასაქმებული ლევან უძილაურის ბიძაშვილი ხატია უძილაურიც. მას გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურში წამყვანი სპეციალისტის პოზიცია უკავია.

 

მსგავს თემაზე:

ახმეტის გამგეობის კორუფციული გარიგება „ცრუ ინვესტორის“ გამოყენებით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]