weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში „ნაცმოძრაობის“ წევრის ბოსტანში გამოვლენილი მწერი ფაროსანა არ აღმოჩნდა

14:35 სამშაბათი, 08 მაისი 2018

თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრის გიორგი მუმლაურის ბოსტანში აღმოჩენილი მწერი, აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწერი მას შემდეგ შეისწავლა, რაც თელავში, მუმლაურების მიწის ნაკვეთში მავნებლის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე უკვე კახეთშიც არსებობს.

მუმლაურების ბოსტანში იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც განაცხადა, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არაეფექტურად იხარჯება.

„გასულ წელსაც ვსაუბრობდით, რომ 15 მილიონი ლარი დაიხარჯა მხოლოდ ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმებისთვის კონკრეტულ სოფლებში. წელს გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაზე და არაფერი არ არის დაწყებული პრევენციისთვის, რომ აღნიშნული მწერი მოისპოს. ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, სასწრაფოდ შეისწავლონ კახეთში არსებული მდგომარეობა და გასცენ მოსახლეობას პასუხი, ემუქრება თუ არა კახეთს ფაროსანა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განმარტებით, კახეთში აზიური ფაროსანას გავრცელება არ დაუფიქსირებიათ, თელავში აღმოჩენილი მწერი კი შესწავლის შედეგად ფაროსანა არ აღმოჩნდა.

„კახეთის რეგიონში 1300-მდე ფერომონიანი დამჭერი გვაქვს განთავსებული. აზიური ფაროსანას გავრცელება არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

კონკრეტულ შემთხვევაში ნანახი მწერი არის ბაღლინჯოების ოჯახის წარმომადგენელი, მაგრამ შეფერილობით, სიგრძით მკვეთრად განსხვავდება აზიური ფაროსანასგან. არასპეციალისტებსაც კი შეუძლიათ გაარჩიონ.

თუმცა, ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მაინც იყვნენ საკითხის შესასწავლად. აღნიშნული მწერი მრავალი წელია გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, ის არ არის ეკონომიკური მნიშვნელობის და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო სამეურნეო კულტურებისთვის,“ - უთხრა ნიკოლოზ მესხმა „რეგინფოს“.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70 %-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]