weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ინტერნეტ თამაში, რომელიც ბავშვების თვითმკვლელობით სრულდება, საქართველოშიც გამოჩნდა

21:12 კვირა, 28 მაისი 2017

ინტერნეტ თამაში, რომელიც ბავშვებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, საქართველოშიც გავრცელდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ, რომელიც ამ თამაშში იყო ჩართული, თვითმკვლელობა სცადა და მე-5 სართულიდან გადახტა. ის ამჟამად სხეულის მრავლობითი დაზიანებებით რეანიმაციაშია მოთავსებული.

სახიფათო ინტერნეტ თამაში განსაკუთრებით პოპულარული რუსეთშია. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით რუსეთში ბავშვთა სუიციდის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცირეწლოვანი სოციალურ ქსელში ერთიდაიმავე ჯგუფების, ე.წ. „სიკვდილის ჯგუფების“ წევრი იყო. სწორედ ამ ჯგუფებში ხდება მორიგი მსხვერპლის დასახელებაც.

რუსეთში გავრცელებული სახიფათო თამაშის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ბი-ბი-სიც“ წერს. მათ მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატიაში აღწერილია პრინციპი თუ როგორ ხდება თამაშში მცირეწლოვნების ჩართვა.

არსებული ინფორმაციით, თამაში იწყება იმით, რომ ბავშვებს მთავარი პირი, ე.წ. მასტერი ეკონტაქტება და დავალებებს აძლევს. ეს დავალებები თანდათან რთულდება - იწყება, მაგალითად, საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურებით და სრულდება თვითმკვლელობით.

თამაშის სახელწოდება სავარაუდოდ უკავშირდება ზოგიერთი ვეშაპის ქცევას - მიზანმიმართულად გამოირიყონ ნაპირზე და მოკვდნენ. თამაშის მონაწილეებს სთხოვენ, 50 დღის განმავლობაში შეასრულონ გარკვეული დავალებები. გამარჯვებისთვის მათ ბოლო დღეს თავი უნდა მოიკლან.

სავარაუდოდ, თამაში თავდაპირველად პოპულარული რუსული სოციალური ქსელის „ვკონტაქტე“ დახურულ ჯგუფებში არსებობდა. ახლა კი ვრცელდება როგორც „ფეისბუქში“, ისე „ინსტაგრამსა“ და „ტვიტერში“, - წერს „ბი-ბი-სი“.

გამოცემასთან ინტერვიუში სამართალდამცავები მშობლებს ურჩევენ სიფხიზლე გამოიჩინონ და გააკონტროლონ ბავშვების მიერ ინტერნეტის გამოყენება.

„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, რუსეთში  ე.წ. „სიკვდილის ჯგუფების“ ადმინისტრატორები დააკავეს, თუმცა ამას ამ ჯგუფების აქტიურობაზე გავლენა არ მოუხდენია.

„ისინი აგრძელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს - ბავშვებს იწვევენ დახურულ ჯგუფებში, კერძოდ, არწმუნებენ ცხოვრების უაზრობაში, იმაში, რომ ისინი რჩეულები არიან და ჭეშმარიტებას სიკვდილით შეიცნობენ. აძლევენ ინსტრუქციებს, თუ როგორ განახორციელონ თვითმკვლელობა“, - წერს გამოცემა.

მათი ინფორმაციით, ბავშვების თვითმკვლელობის შემთხვევები ვლინდება უკრაინაში, ბელარუსიაში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. ბოლო დროს ამ მოვლენამ თავი იჩინა აზერბაიჯანშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]