weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია - სერგი გვარჯალაძე სპეცოპერაციაზე

14:03 შაბათი, 12 მაისი 2018

„ის, რაც მოხდა და რასაც მთელი ღამის მანძილზე თვალს ვადევნებდი ადგილზე, აბსოლუტურად გაუგებარი და დამაზიანებელია თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში ადამიანებისთვის, რომლებიც საცეკვაოდ მივიდნენ პარასკევ ღამეს კლუბებში და მთელი ღამე ან პოლიციაში, ან ქუჩაში პროტესტში გაატარეს“, - ამბობს სერგი გვარჯალაძე, რომელიც თბილისის მერიაში ღამის ეკონომიკის პროექტს ხელმძღვანელობს.  

„ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც ვფიქრობ ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. თუ სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები, ამ 8 ადამიანის დაკავება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იყო შესაძლებელი, ისე, რომ ასეთი მღელვარება არ გამოეწვია ამ პროცესს. დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ“, - აღნიშნავს გვარჯალაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღესაც არ აქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. „ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიციების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის.

ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ“, - წერს სერგი გვარჯალაძე „ფეისბუქში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]