weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თუშეთის გზაზე სტიქიის ადგილას სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი დაიხრჩო

21:24 კვირა, 27 მაისი 2018

თუშეთის გზაზე, სოფელ ხისოსთან, სადაც მეწყრული პროცესების გამო მდინარე ალაზანია დაგუბებული, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი სატვირთო მანქანით წყალში გადავარდა და დაიხრჩო. გარდაცვლილის ცხედარი წყლიდან ჯერ არ ამოუყვანიათ. 

როგორც „რეგინფოს“ თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დავალებით, თუშეთის გზის აღდგენით სამუშაოებში იყო ჩართული.

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი ადგილზე 19 მაისიდან მუშაობდა. სატვირთო მანქანით ხრეშს ეზიდებოდა, რადგან დაგუბებულ მდინარეში გზა ხელოვნული მიწაყრილებით გაგვყავს. სატვირთო მანქანები დანიშნულების ადგილამდე უკუსვლით შედიან. ერთ-ერთი შესვლისას გზის ნაპირას ძალიან ახლოს მივიდა, გრუნტის გზა ჩაინგრა და დატვირთული მანქანა წყალში გადავარდა. წყლის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია. იქ მყოფმა მუშებმა მაშინვე დაინახეს, რომ მანქანა ჩავარდა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ახლა მაშველები მუშაობენ და შემთხვევის ადგილას სავარაუდოდ მყვინთავსებსაც ელოდებიან თბილისიდან“, - აღნიშნა ტარიელ წიკლაურმა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა გასულ წელს, ზამთარში მოწყდა, 8–10 მეტრის სიმაღლეზე თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. ამ პრობლემის გამო გასულ წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა და მთელი სეზონის განმავლობაში (ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით) მოძრაობა სახიფათო იყო.

ვითარება წელს უფრო გართულდა. დაგუბებული ტერიტორიის ფართობი და წყლის სიღრმე გაიზარდა. მოწყვეტილი მთის ნაწილი ისევ შუაზეა გაჩერებული, ახალი გზა ხელოვნური ყრილებით კი ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაჰყავთ.

ამ მონაკვეთზე საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება შემოვლითი გზის გაჭრას გეგმავდა, თუმცა ტარიელ წიკლაურის თქმით, წელს არაფერი არ არის გათვალისწინებული.

თუშეთის გზა სავარაუდოდ 5 ივნისამდე გაიხსნება და მეწყრულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]