weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საპატრიარქო - ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას

13:19 პარასკევი, 01 ივნისი 2018

„ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სარალიძის საქმეს არ ეხება“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა.

დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.

ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების მიპყრობას პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისთვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებული წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და ამის პასუხისმგებლობის  გაცნობიერება, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.

ეკლესია გამაერთიანებელია და ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.

ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი, დაუცველობისა და უსამართლობის განცდა მოეხსნას.

თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]