weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გიორგი აბდუშელიშვილის ქმედებაზე მრევლი და სასულიერო პირები რეაგირებას ითხოვენ – საპატრიარქო

15:50 პარასკევი, 06 ივლისი 2018

საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის მიერ 3 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან ქორეპისკოპოსი იაკობი გააკრიტიკა და მას „ბანდიტი“ და „ხულიგანი“ უწოდა.

საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. საპატრიარქოს განცხადებით, გიორგი აბდუშელიშვილის ამ ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

„განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამოთქვა სინანული მომხდარის გამო, ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“, - განაცხადეს საპატრიარქოში.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი აბდუშელიშვილმა თქვა, რომ იაკობ იაკობაშვილი ეპისკოპოსი არ არის, რადგან მისთვის ხმა არ მიუცია მეუფე იობს და ძალიან ბევრ ეპისკოპოსს.

„მე ერთხელ საუბარში მეუფეს ვკითხე, რომ როგორ აირჩიეთ იაკობ იაკობაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში „მხედრიონში“ იყო, ხოცავდა ხალხს, რამდენჯერმე ნაცემი ჰყავს პირველი პრეზიდენტის მეუღლე. ბრალდებებს კი არ ვუყენებ, სიმართლეს ვამბობ. იაკობ იაკობაშვილი არ არის ეპისკოპოსი და არც ქორეპისკოპოსი. ის არის ხულიგანი და ბანდიტი. იაკობ იაკობაშვილი და ძმანი მისნი ლიდერობენ დღეს საქართველოში, მათია ყველა კაზინო, ყველა ტოტალიზატორი. მათია ყველაფერი, რაც უნდათ. 27 წელიწადია იაკობ იაკობაშვილი მიპირისპირდება იმიტომ, რომ მე ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში, ვიყავი ზვიად გამსახურდიასთან. 27 წლის განმავლობაში ეს კაცი მოსვენებას არ გვაძლევდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ჩაგვიგდო რუის-ურბნისის ეპარქიაში“, - აღნიშნა მამა გიორგი აბდუშელიშვილმა.

მისივე თქმით, საპატრიარქომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობის“ ჩატარების თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა: „21 მაისს, როდესაც იყო წმინდა სინოდის სხდომა, საინიციატიოვო ჯგუფმა მიართვეს მოსაწვევები უწმინდეს და უნეტარესს და სინოდის თითოეულ წევრს. ეხლა კი ამბობენ რომ მათ არ იცოდნენ და მხოლოდ ეხლა გაიგეს“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]