weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭუბერის ხეობაში გარესამყაროს არცერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი - მესტიის მერი

18:18 შაბათი, 07 ივლისი 2018

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში, სტიქიის ზონაში გარესამყაროს არცერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი და საავტომობილო მიმოსვლა ყველა სოფელთან აღდგენილია.

„ყველა სოფელში მიდის სასწრაფო დახმარების მანქანა. მძიმე ტექნიკის გადაყვანა იყო შეუძლებელი, მაგრამ დღეს მდინარეზე მძიმე ტექნიკაც გადავიდა, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ.

ახლა მდინარემ მიმართულება შეიცვალა და სოფელ ლახამში ორ ოჯახს მიადგა. ამიტომ სასწრაფოდ მოგვყავს ტექნიკა, რომ დავეხმაროთ.

ჭუბერში, ადგილზე სულ 12 ექსკავატორია და ყველას დახმარებას შევძლებთ. ვიმეორებ, ყველა სოფელთან სატრანსპორტო მიმოსვლა შესაძლებელია. ხალხს იქიდან გამოსვლის პრობლემა არ აქვს. დღეს დავიწყეთ ფქვილის, შაქრის და პირველადი საკვები პროდუქტების დარიგება“, - უთხრა „რეგინფოს“ მესტიის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 5-6 ივლისს, ჭუბერის ხეობაში სტიქიის შედეგად 21 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, აქედან 7 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ერთი კი ნაწილობრივ დაინგრა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ წაიღო მდინარეზე არსებული ხიდები და დააზიანა საავტომობილო გზები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან. სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნენსკრას ხეობაში მთელი ღამე წვიმდა, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე ამ დროისთვის დაწეულია დაახლოებით 30 სანტიმეტრით.

სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში მდინარე ნენსკრას სათავეები ვერტმფრენიდანაც დაათვალიერეს. მათი თქმით, ამ ეტაპზე, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არა აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო, მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]