weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჟურნალისტებმა აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში თავზე ტომრები ჩამოიცვეს

11:25 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის აფგან მუხთარლის სოლიდარობის ნიშნად თავზე ტომრები ჩამოიცვეს. მათ ხელში ეკავათ ფურცლები წარწერით „არ შეგრჩებათ“.

ბაქოში დაპატიმრებული ჟურნალისტის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლი აზერბაიჯანამდე სწორედ თავზე ტომარაჩამოცმული მიჰყავდათ.

ჟურნალისტების განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრას ითხოვენ. აქციის მიზეზი მათი მოთხოვნის უყურადღებოდ დატოვება გახდა.

„უკვე რამდენიმე დღეა შევიტანეთ განცხადება, რომ შეგვხვედროდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი კილაძე, მაგრამ არანაირი გამოხმაურება ჯერ ამაზე არ მიგვიღია. ამიტომ სწორედ ამ კომიტეტში გავაკეთეთ ესეთი აქცია“, - ამბობს „სტუდია მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი.

ჟურნალისტებმა აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე აქცია გამართეს. პარალელურად, მათ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, თბილისში გაუჩინარებული აფგან მუხთარლი, 30 მაისს, ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია.

31 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ბაქოში წამების, არასათანადო მოპყრობისა და არასამართლიანი სასამართლოს მსხვერპლი შეიძლება გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]