weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

09:53 პარასკევი, 27 ივლისი 2018
ფოტო: ზურაბ ნიჟარაძე ფოტო: ზურაბ ნიჟარაძე

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. სოფელ ხაიშთან მოსახლეობამ გზა მას შემდეგ გახსნა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გაიყვანეს.

ადგილობრივების ნაწილი გზის გახსნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გზიდან ჯებირების გატანა გადაწყდა, კვირიკობის დღესასწაულია, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება. „ხვალ კვირიკობაა ამ გზას ჩვენ ვერავის ვერ ჩავუკეტავთ იმიტომ, რომ ყველა მიდის სალოცავად“, - ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოსახლეობასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. როგორც სუბარმა განაცხადა, 10 დღის განმავლობაში სვანეთში სამთავრობო გუნდი, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.

„აქ ჩამოვა დიდი სამთავრობო გუნდი, რომ ვილაპარაკოთ ამ რამდენიმე სოფლის, ამ ხეობის განვითარების პერსპექტივებზე, რა ალტერნატივები გვაქვს. იქ სადაც ალტერნატივის შეთავაზება ვერ ხერხდება და მართლა ვამბობთ, რომ ხე-ტყის დამუშავება არის ერთადერთი შემოსავალი, როგორ მოვახდინოთ, რომ ხე-ტყის დამუშავება მოვახდინოთ ლეგალურ ჩარჩოებში, რომ არ იყოს არც ერთი უკანონო ჭრა და სადაც არ არის ამის საშუალება, რა ალტერნატივას ვთავაზობთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი შეიყვანა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას ახდენდნენ. უწყების განმარტებით, მოსახლეობამ საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]