weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქვემო ქართლის სკოლების ტუალეტებში საგანგაშო მდგომარეობაა

11:13 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების 10 სკოლაში წყლის ხელმისაწვდომობისა და საპირფარეშოებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ 18-28 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის, წალკის N1, დმანისის N1, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარისა და სოფელ იმირის საჯარო სკოლებში დაფიქსირდა.

სოფელ ზემო ყულარის სკოლას საკუთარი ტუალეტი არ აქვს, რის გამოც პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო პირის კუთვნილ ფართში განთავსებული ე.წ. „თურქული ტიპის“ ტუალეტით სარგებლობენ. ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული და საპირფარეშოთი გამვლელებიც სარგებლობენ. ტუალეტის ნაგებობა ამორტიზირებულია და ანტისანიტარული მდგომარეობაა.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვედა ყულარის სკოლის საპირფარეშო მდებარეობს ეზოში, არის სარეაბილიტაციო და ტექნიკურად მოუწესრიგებელი. ტუალეტის ჯიხურებში ფიქსირდება ანტისანიტარული მდგომარეობა. ტუალეტებში პრივატულობა არ არის დაცული, ისევე, როგორც არ არის მოწესრიგებული ჰიგიენური პირობები. დირექტორის განცხადებით, სკოლის ტუალეტით უცხო პირებიც სარგებლობენ, რადგან სკოლის ეზო არ არის სათანადოდ შემოღობილი.

სოფელ ყულარის სკოლის დირექტორმა და სოფელ იმირის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ხშირად თავს არიდებენ სკოლის ტუალეტში შესვლას.

სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში ტუალეტის ჯიხურები საერთოა მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის, ასევე, ბიჭებისა და გოგონებისთვის. სკოლაში არ არის ხელსაბანი ონკანები, შესაბამისად, ბავშვებს არ აქვთ ხელის დაბანის შესაძლებლობა. ამასთან, დირექტორის ინფორმაციით, კლასებში ხელის დასაბანად იყენებენ პლასტმასის ჭურჭელს. სკოლაში წყლის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გამო, დამლაგებლები მხოლოდ მშრალი წესით ალაგებენ საკლასო ოთახებს და დერეფნებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს იწვევს შენობაში ჰაერის მნიშვნელოვან დამტვერიანებას და საფრთხეს უქმნის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობას.

დმანისის N1 საჯარო სკოლაში მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა - ფეკალური მასები ამოდის სკოლის ეზოში, რაც ქმნის ანტისანიტარიულ მდგომარეობას, სასკოლო ტერიტორიაზე დგას მძაფრი სუნი.

სოფელ ქვემო ყულარის, სოფელ ნაგების და დაბა თრიალეთის საჯარო სკოლებს არ მიეწოდება სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი. ასევე, საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების სისტემა. სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექნიკური გამოყენების წყალი, ხოლო სასმელ წყალს სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებიდან იღებენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, სასკოლო გარემოს კეთილმოწყობის, საპირფარეშოების რეაბილიტაციისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, რათა მოსწავლეები და სკოლის პერსონალი უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]