weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

2008 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 363-ჯერ დაირღვა - IDFI

15:09 პარასკევი, 09 ივნისი 2017 hits 1383

2009-2016 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363-ჯერ დაირღვა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება.

2009 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესი 78-ჯერ დაირღვა, ხოლო 2016 წელს 19-ჯერ. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, სამინისტროს მიერ 8 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მხოლოდ 4 დანაშაული.

შსს-მ IDFI-ის არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო.

„სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით. ეს კი შეუძლებელს ხდის კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და იმის თქმას, სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“,

- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით, 2017 წლის მაისში იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ მიმართა.

მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა დაბრკოლების გარეშე შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს იგი უკანონოდ იმყოფებოდა აფხაზეთში. იური ლუჟკოვის შემთხვევაში, სამინისტრომ განმარტა, რომ იგი შავ სიაში არ ფიქსირდებოდა, რის გამოც მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი, მისთვის დაბრკოლება შეექმნა.

სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ საჯარო წყაროების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის დარღვევით ლუჟკოვის ბოლო ვიზიტი 2010 წელს ფიქსირდებოდა. ვინაიდან, გამოძიება 2010 წელსვე არ დაიწყო, 2017 წლისთვის ამ სამართალდარღვევას გასული ჰქონდა 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, განეახლებინა გამოძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს იური ლუჟკოვის პასუხისგებაში არმიცემის დასაბუთება მიუთითებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევ პირთა აღრიცხვის არაეფექტურობაზე. თუმცა, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა 2009 წლიდან დღემდე ე.წ. შავ სიაში აღრიცხული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით, შესაბამისად უცნობი დარჩა იყო თუ არა იური ლუჟკოვი შეყვანილი შავ სიაში, როცა მან საზღვარი გადმოლახა.

ასევე პრობლემურია ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა 2009-2016 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების საქართველოს საზღვარზე დაკავების ან/და საზღვარზე შემოსვლის აკრძალვის შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობის შესახებ“, - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო. ამ კანონმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]