weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პანკისში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა

11:50 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო შეიქმნა, რომელსაც 78 წლის სალმან გაურგაშვილი უხელმძღვანელებს. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, საბჭოს დამფუძნებელი შეკრება სოფელ დუისში, ძველი მეჩეთის ეზოში გუშინ, 7 სექტემბერს გაიმართა.

შეკრებას ხეობის სოფლებიდან 100-მდე მამაკაცი ესწრებოდა. ახალი საბჭოს გამგეობის წევრებად უკვე აირჩიეს ომალოდან ემზარ ტოხოსაშვილი, ჯოყოლოდან სკოლის ყოფილი დირექტორი ვალიკო მუთოშვილი, დუისიდან თამაზ ბაღაკაშვილი.

შეკრებაზე შეთანხმდნენ, რომ საბჭოს სახელით გადაწყვეტილებებს 15 უხუცესისგან და 15 ახალგაზრდისგან შემდგარი გამგეობა მიიღებს. წევრების არჩევა სავარაუდოდ, ხვალ, 9 სექტემბერს მოხდება.

დამფუძნებლების თქმით, ახალი საბჭო ბოლო დროს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო შეიქმნა.

„პატრონი არ ჰყავს ხეობას და აუცილებლობამ მოითხოვა ეს საბჭო შექმნილიყო. ჩვენი მიზანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა იქნება. ვიქნებით მიუკერძოებლები.

საბჭოში ხეობის ავტორიტეტული პირები შევლენ და ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული სოფელი წარადგენს“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს თამაზ ბაღაკაშვილმა, რომელიც 2012 წლიდან პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო. მან ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა ამბობს, რომ პარტიის მხარდამჭერად რჩება. რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე თამაზ ბაღაკაშვილმა განაცხადა, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია.

ახალი საბჭოს თავმჯდომარის სალმან გაურგაშვილის განცხადებით, ისინი ძველი საბჭოს (იგულისხმება პანკისის უხუცესთა კავშირი) ფუნქციებსაც შეითავსებენ.

„ჩვენი საბჭო ქისტური ადათ-წესების მიხედვითაა შექმნილი და ამ კუთხით, ძველი საბჭოსგან განსხვავება არაფერი იქნება გარდა იმისა, რომ თუ ხეობაში უსამართლობა მოხდა, წინ აღვუდგებით. ყველაფერში აქტიურად ვიქნებით ჩართულნი. სახელმწიფოსაც თუ დასჭირდება გვერდში დგომა, მზად ვიქნებით. არანაირი პრეტენზია არ მაქვს არსებული საბჭოს მიმართ, თუ შემოგვიერთდებიან,  მოხარული ვიქნებით. საერთოდ, იგივე ხასო ხანგოშვილი სჭირდება ხეობას, ნიჭიერი, კარგი კაცია“, - აღნიშნა სალმან გაურგაშვილმა.

ხეობაში ახალი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ, პირველად, საჯაროდ, 20 ივლისს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, პანკისის სალაფიტური თემის წარმომადგენელმა, (სალაფიტების იმამის ყოფილმა პრესმდივანმა) მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) განაცხადა.

პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი უხუცესთა კავშირს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მათი თქმით, უხუცესები ხეობაში ჰესების მშენებლობას არ შეეწინააღმდეგნენ.

პანკისის უხუცესთა კავშირი 2006 წელს არის რეგისტრირებული. ამჟამად უხუცესთა კავშირის გამგეობის წევრები არიან: ზაურ გუმაშვილი, ვალიკო მუთოშვილი, პლატონ გუნაშაშვილი, ზელიმხან წუწაშვილი, ბესარიონ ქუშანაშვილი, რამაზა ხანგოშვილი, რამაზ მარგოშვილი, ახმად მარგოშვილი. უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე 2015 წლამდე სოლცა ქავთარაშვილი იყო, ახლა კი ზელიმხან წუწაშვილია. 2015 წელს სოლცა ქავთარაშვილი უხუცესთა კავშირის გამგეობის წევრებს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ უხუცესებისა და ახალგაზრდების დელეგაცია ჩეჩნეთში მასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა და ასევე, ზოგიერთი უხუცესი, მათ შორის ზაურ გუმაშვილი წინააღმდეგი იყო სოფელ დუისში გამგებლის წარმომადგენლად ქალი დანიშნულიყო. სოლცა ქავთარაშვილმა მაშინ ცალკე დააფუძნა პანკისის უხუცესთა საბჭო და თითქმის 3 წლის განმავლობაში, მის გარდაცვალებამდე ხეობაში უხუცესთა 2 საბჭო ფუნქციონირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]