weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

თელავში საარჩევნო კომისიის წევრებს არჩევნების გაყალბებაში ტრენინგი ჩაუტარეს - ბოტკოველი

19:19 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 hits 834

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება თელავში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რისთვისაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგებს უტარებენ.

ბოტკოველის ინფორმაციით, „გაურკვეველი“ ტრენინგი თელავის ერთ-ერთ სასტუმროში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა თამთა დოკვაძემ ჩაატარა. ბოტკოველის თქმით, თამთა დოკვაძეს თან იუსტიციის სამინისტროს მიერ რუსთავის მერიაზე გაცემული ბარათი ჰქონდა, რომელიც ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების დასადგენად გამოიყენეს.

„თამთა დოკვაძე ატარებდა გაურკვეველი სახის ტრენინგებს, რომელსაც პირდაპირ დავარქმევდით გაყალბების პროცედურების ტრენინგს. ეს ფიქსირდება არაერთი ფაქტით. მას თან ჰქონდა „კარტა“, რომელიც გამოიყენება პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად  და რომელიც რეგისტრირებულია რუსთავის მერიაზე. აი, ამ პერსონალური ინფორმაციის მოპოვებაზე დაშვების ბარათით, იგი ცდილობდა გარკვეული პროცედურები და შეიძლება ითქვას, მაქინაციები ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გაყალბდეს არჩევნები“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიდეოც აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, აღნიშნულ ტრენინგზეა გადაღებული.

„რეგინფომ“ ინფორმაციის გადამოწმება თამთა დოკვაძესთან სცადა. ის რუსთავის მერიის  სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. მერიაში გვითხრეს, რომ თამთა დოკვაძე შვებულებაშია, თუმცა შევებულების ვადების შესახებ ინფორმაციის, ასევე მისი მობილური ტელეფონის ნომრის მოწოდებაზე უარი განგვიცხადეს. რუსთავის მერიაში დაგვპირდნენ, რომ თამთა დოკვაძე თავად გადმოგვირეკავდა, თუმცა ამ დრომდე არ დაგვკავშირებია.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ტრენინგის და მისი მონაწილეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის თქმით, ტრენინგს საოლქო კომისიის წევრები არ ესწრებოდნენ.

„ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს პარტიული ტრენინგი იყო. თუ მასში საუბნო საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“ დანიშნული წევრები მონაწილეობდნენ, მათ ამის უფლება აქვთ. ტრენინგის შინაარსზე, ისევე როგორც თამთა დოკვაძის შესახებ, არაფერი ვიცი“, - უთხრა „რეგინფოს“ გიორგი კალმახელიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]