weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია – კალაძე

12:28 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

„ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შეჯამებისას.

კალაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩეველს, რომელმაც, კალაძის თქმით, ოპოზიციის უპრეცენდენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა.

„სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა.

თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია.

სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯომარის პოსტზე დაბრუნებისას: გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული.

გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას.

ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც - მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას.

არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი.

დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]