weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

„შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა

13:23 პარასკევი, 16 ივნისი 2017 hits 1708

დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობა“ დააფუძნა. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე უსუფაშვილმა განაცხადა, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებას გეგმავს.

„დღეს ვიწყებთ შენების მოძრაობას. ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ გასული კვირების განმავლობაში და შევჯერდით, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ „შენების მოძრაობაში“ გაერთიანება და „შენების მოძრაობის“ დაწყება - სახელმწიფოს შენების, ეკონომიკის შენების, ჩვენი სოფლების და ქალაქების შენების. შენების იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება აღმშენებლობა. გვეყო ნგრევა, მტრობა, შუღლი, მორიგი ყველა ახალი ხელისუფლების მიერ ძველის მიერ შექმნილის განადგურება. ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ჩვენი სახელმწიფო. სწორედ ამ იდეის გარშემო ვერთიანდებით ის ადამიანები, რომლებსაც გვაქვს სხვადასხვა პროფესია, პოლიტიკური წარსული, სხვადასხვა გზა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, მაგრამ გვაქვს საერთო ხედვები იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან ბევრი პროფესიონალი, ერთად დადგომა, იმისთვის, რომ ყველაფერი, რასაც ავაშენებთ იყოს კარგად დაგეგმილი, კარგად გააზრებული, მყარი, ხარისხიანი და დაეფუძნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „შენების მოძრაობაში“ ახალ, ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად გართიანებულნი არიან ძველი სახეებიც, მათ შორის ვახტანგ ხმალაძე, კახა შარტავა და რეზო შავიშვილი.

„მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მომავალი თაობის მიერ 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნკტურა, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ. ჩვენი კრედო იქნება - რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი 2012-2016 წლებში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს თავმჯდომარეობდა. 25 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. 2016 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო სიის პირველ ნომრად დასახელდა. ის საბურთალოს რაიონის N6 მაჟორიტარული ოლქში იყრიდა კენჭს და ამომრჩევენთა ხმების 11.1% მიიღო.

დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“  2016 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ პარტიის დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს მისგან განსხვავებული ხედვები აღმოაჩნდათ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]