weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

მეშახტეებს მოვუწოდე, სწორი არჩევანი გააკეთონ – „საქნახშირის“ დირექტორი

10:54 კვირა, 18 ნოემბერი 2018 hits 937

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს აიძულებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„რუსთავი 2“-მა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ 13 ნოემბერს არის გაკეთებული და მეშახტეებთან ჯამბულ ჯაყელის შეხვედრას ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ჯაყელი ამბობს, რომ მეშახტეებმა და მათი ოჯახის წევრებმა მხარი ზურაბიშვილს უნდა დაუჭირონ, რადგან შახტებში მუშაობის გაგრძელება „ძალიან არის დამოკიდებული მთავრობაზე“.

„თქვენ იცით, რომ ამ ავარიის გამო ერთი უბანი დავხურეთ, გამოვიდა სამი უბანი. ამდენი ხალხის შენახვასაც ვერ შევძლებთ, თუ არ იქნება დახმარება. ხელფასებზეც კი არ გვეყოფა ეს თანხა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სულ გვექნება მთავრობისთვის მოსათხოვი. პლუს, გვეუბნებიან და უკვე მოგვეხმარნენ. ძალიან გვერდში დაგვიდგნენ, მე არც მეგონა, ასე თუ გამოვიდოდა. აქედან გამომდინარე, თხოვნაა, რომ ჩვენც გვერდში დავუდგეთ, ავირჩიოთ ქალბატონი ზურაბიშვილი და ამით გამოვხატოთ ჩვენი მათდამი ნდობა. ასევე, მინდა გთხოვოთ თქვენი ოჯახის წევრებზეც. რომელიმე თქვენგანის შვილი, ოჯახის წევრი თუ არის გასული ქალაქის მიმართულებით, ან ქუთაისის მიმართულებით, შეგვიძლია გავაგზავნოთ, მოვიყვანოთ, წავიყვანოთ“, – ისმის აუდიოჩანაწერში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჯაყელმა მეშახტეებს უთხრა, რომ თუ ტყიბულში სალომე ზურაბიშვილი არ გაიმარჯვებს, მას მთავრობასთან მისასვლელი პირი აღარ ექნება.

„ზეგ პრემიერი ჩამოდის, პირდაპირ გვხვდება. იმას კიდევ აქვს რაღაც გასაჟღერებელი თქვენთან და ალბათ იტყვის... მე გეუბნებით, დაგვიტოვეთ ხელმძღვანელობას იმ ხალხთან მისასვლელი. წარმოიდგინე, სახელისუფლებლო კანდიდატმა წააგო და მიდიხარ სათხოვნელად. რომ მოიგოს, როგორ მიხვალ, უფრო კარგად ხომ მიხვალ, არა? მისასვლელიც გექნება. გამიგეთ, რა, რა გჭირთ. იმენა შახტას და ქალაქს სჭირდება ეს თემა, იმიტომ, რომ ტყიბული ჩვენზეა დამოკიდებული“, – ამბობს სავარაუდოდ ჯამბულ ჯაყელი.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ჯამბულ ჯაყელმა დაადასტურა, რომ მეშახტეები შეკრიბა, თუმცა მათთვის სალომე ზურბიშვილისთვის მხარდაჭერა არ დაუძალებია. ჯაყელის თქმით, მან დასაქმებულებს „სწორი არჩევანის“ გაკეთება შესთავაზა. ჟურნალისტის კითხვაზე რას ნიშნავს სწორი არჩევანი, ჯაყელი პასუხობს:

„სწორი არჩევანი, კარგად დაფიქრდნენ, რომელი არჩევანი წაადგება შახტის დღევანდელ მდგომარეობას. არავის არაფერი მოუთხოვია ჩვენთვის. არავისთვის არაფერი არ დაგვივალდებულებია. ჩვენ დღეს რა რეჟიმში ვართ, უყურებთ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდე, რომ შეენარჩუნებინათ სიწყნარე და გაეკეთებინათ სწორი არჩევანი“.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში 15 ნოემბერს იმყოფებოდა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში მეშახტეებს შეხვდა. პრემიერის თქმით, დეკემბერში შახტები აუცილებლად განაახლებენ ფუნქციონირებას.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა. მან ამომრჩეველთა ხმების 35.82% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 46.83%. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი მეშახტე. მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ტყიბულის 25-ვე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტებში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც შახტები დახურული იქნებოდა, დასაქმებულები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

კომპანია „საქნახშირი“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი კომპანიაა. GIG ასევე ფლობს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“, რომლის გენერალური დირექტორიც 2010-2012 წლებში მამუკა ბახტაძე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]