weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საარჩევნოდ პირადობის მოწმობების გაყალბება ჭორია – სააგენტო

17:19 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე გამოეხმაურა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბრის არჩევნების სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება და რომ ამ პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ გიორგაძეა.

„ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნება მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ წინადადებებს და არგუმენტებს. არა მხოლოდ გაუგებარია, რაზე საუბრობენ ეს ადამიანები, არამედ თეორიულადაც კი რთული წარმოსადგენია, რასაც ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ. შეურაცხყოფილები ვართ იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო მოგვადგა ასეთი შეურაცხყოფა.შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს რეპუტციას და თითოეული ჩვენთაგანის ღირსებას.

მე მივმართე შესაბამის უწყებებს, რომ დაიწყონ გამოძიება და იმედი მაქვს, აღნიშნული ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებზე დაყრდნობითაც ასეთი ცილისწამება განახორციელეს“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დოკუმენტები მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გაიცემა. როგორც გიორგაძემ განმარტა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ თბილისი, ქუთაისსა და ბათუმში იბეჭდება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში [გარდაბანი და წალენჯიხა] ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება. შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია ამგვარი განცხადებების გაკეთება. იმედი მაქვს, რომ შესაბამის მასალებს არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწვდიან საგამოძიებო ორგანოებს“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელეს. მათი განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

„წყაროს თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო“ პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო“ პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო“ პირებად მიჩნეულნი იყვნენ: სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს“, – აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

 

ამ თემაზე:

ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]