weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

16:26 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს, არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით.

„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ  შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.

შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.

იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული, რაღაც უაღრესად დასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების  ირგვლივ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცისაკენ მიმართული ცვლილება.

„უარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ- ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.

ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან „კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები“ და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებდა კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით: ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. იმ სულისკვეთებაზე, რომელიც მიმართულია რეალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ, ამ ვერსიამდე“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]