weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქართულ ოცნებაში“ ჩემი დარჩენა ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა – გედევან ფოფხაძე

13:14 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ქართული ოცნების“ დატოვება გადაწყვიტა. ფოფხაძის თქმით, პირველი მიზეზი, იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავებაა, ხოლო მეორე, განსხვავებული ხედვის თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვა.

„არაერთხელ დამიფიქსირებია კრიტიკული პოზიცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდებოდა. აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ეხლა უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა. უფრო უნდა დასმულიყო კითხვა - „რატომ რჩები „ქართულ ოცნებაში?“, ვიდრე კითხვა - „რატომ არ რჩები „ქართულ ოცნებაში?“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, არის ორი საკითხის თანხვედრა, რომლის პორობებშიც „ქართულ ოცნებაში“ დარჩენა შეუძლებელი იყო.

„ერთი - თუ შენ არსებითად იდეოლოგიის, ღირებულებების და კონკრეტული საკითხების გაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ და მეორე - როდესაც შენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს მათი გამოხატვის საშუალება იქ, სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს.

მე კიდევ შეიძლებოდა დამეძლია და დამეფიქსირებინა განსხვავებული აზრი და ამით მაინც მექნებოდა შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი გულწრფელი და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვის წინაშეც რეალურად მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას იყო იქ, სადაც გეუბნებიან, რომ თუ ხმამაღლა ილაპარაკებ იმაზე, რასაც ფიქრობ, უნდა წახვიდე. ვფიქრობ, რომ ეს საკითხის არასწორად დაყენებაა,

როდესაც ძალიან დიდი უმრავლესობა ჰყავს პოლიტიკურ გუნდს, მას არ აქვს ასეთი ფუფუნება, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გაასაიდულოოს. ხალხმა უნდა იცოდეს, არა მარტო მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

„მოვუწოდებ ყველას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს თავისი სინდისიდან გამომდინარე. თუ ვიღაცას ხინჯი აქვს და ფიქრობს, რომ რაიმე შეიცვლება იმ თვალსაზრისით, რომ თავისუფალი სივრცე მიეცემა, წინასწარ ვარწმუნებ, რომ ჩემსავით გაწბილდებიან და უკმარისობის განცდა, რაც მე მაქვს, რომ რატომ აქამდე არ წამოვედი, ექნებათ მათაც.

რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ მომწონს, რომ გვითვლიან, სულ გვითვლიან. უნამუნოს აქვს ასეთი ფრაზა - ნუ იტყვი რომ ვინმეს ტოლი ხარ, ან მეტი ხარ, იმიტომ, რომ შენ ციფრი არ ხარ, ადამიანი ხარ.

არ მინდა, რომ როგორც ცხვრებს, ისე გვითვლიდნენ და ჩვენ მართლა ასე გვითვლიან, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები. იძახიან, რომ რა მოხდა წავიდა ერთი ადამიანი, ორი ადამიანი. მათემატიკური ანგარიშით ხელმძღვანელობენ. რაოდენობრივ კონტექსტში გადაიყავანო გედევან ფოფოხაძე ეკა ბესელია ან ლევან გოგიჩაიშვილი, არ არის სწორი.

ამ შემთხვევაში მორალური მომენტით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – აღნიშნა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ განიხილავს.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა სამმა დეპუტატმა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა - დატოვა. ეკა ბესელიამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტის ხელმომწერები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც იყვნენ. რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]